„ჩინეთისა და ევროპის ერთობლივი მონაწილეობის გარეშე, „შუა დერეფნის“ ინიციატივის წარმატება რთულად მისაღწევი იქნება“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ელჩი აღნიშნავს, „შუა დერეფნის“ განვითარება კიდევ უფრო გაამარტივებს ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ჩინეთსა და ევროპას შორის ლოგისტიკური გზების მრავალფეროვნებისა და სიმტკიცის ზრდას.

„ჩინეთისა და ევროპის ერთობლივი მონაწილეობის გარეშე, „შუა დერეფნის“ ინიციატივის წარმატება რთულად მისაღწევი იქნება. ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა განვითარების კარგ ტენდენციას ინარჩუნებს. 2024 წელს ჩინეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობამ 2.26 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი ზრდაა. ქართული ღვინო და სხვა მაღალი ხარისხის პროდუქტი ეტაპობრივად შედის ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე. გასული წლის სექტემბერში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი ჩინეთს ეწვია და ხელი მოაწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“. ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასა და საქართველოს „შუა დერეფნის“ კონცეფციას შორის ეფექტურ სტრატეგიულ თავსებადობას. „შუა დერეფნის“ განვითარება კიდევ უფრო გაამარტივებს ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ჩინეთსა და ევროპას შორის ლოგისტიკური გზების მრავალფეროვნებისა და სიმტკიცის ზრდას.

ჩინეთი და საქართველო მტკიცედ უჭერენ მხარს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას, ერთობლივად ეწინააღმდეგებიან სავაჭრო პროტექციონიზმსა და უნილატერალიზმს. მომავალში ჩვენი ქვეყნები კვლავ შეუწყობენ ხელს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას და კავშირის გაღრმავებას“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ინფორმაციისთვის, ჩინეთიდან შუა დერეფნით ტრანსპორტირება 2013 წელს დაიწყო, ხოლო 2022 წელს მარშრუტზე მე-10 000 მატარებელმა გაიარა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აგვისტოს დასაწყისში ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის მარშრუტზე მე-20 000 სატვირთო მატარებელი გავიდა.

ცნობისთვის, ჩინეთიდან მატარებლები ყაზახეთსა და კასპიის ზღვამდე, შემდეგ კი აზერბაიჯანში გადატვირთვითა და საქართველო-თურქეთის გავლით საქონელს ევროპის ქვეყნებს აწვდიან. მარშრუტი მულტიმოდალური სქემით - „რკინიგზა-ზღვა-რკინიგზით“ რეალიზდება.

bpn.ge