რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის საზღვრის გასწვრივ "უსაფრთხოების ზონის შექმნაზე" ფიქრია საჭირო. მან ამის შესახებ კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის მონახულების დროს ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, უნდა დავფიქრდეთ, გთხოვთ რომ დავფიქრდეთ მომავალში სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე - ამაზეც უნდა დავფიქრდეთ." - თქვა პუტინმა.

აქამდე რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ამოცანა კურსკის ოლქიდან უკრაინელი სამხედროების უმოკლეს ვადებში განდევნაა.

ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე "სანიტარული ზონის" შექმნის შესაძლებლობა პირველად 2023 წლის ივნისში ახსენა. მაშინ რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება (ЛСР) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში იყვნენ გადასულები და საბრძოლო მოქმედებებს ატარებდნენ.

პუტინმა კვლავ ახსენა "სანიტარული ზონა", მას შემდეგ, რაც 2024 წლის 12 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. მაშინ შეტაკებები ბელგოროდსა და კურსკის ოლქში მოხდა.

კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალები 2024 წლის აგვისტოში შევიდნენ.

Tabula.ge