საფრანგეთში, ხელოვნური ინტელექტის თანაავტორობით დაწერილი წიგნებისთვის მსოფლიოში პირველი პრიზი დააწესეს. კონკურსანტებმა ჟიურის უნდა წარუდგინონ დაახლოებით 130,000-150,000 სიმბოლოსგან (160-180 გვერდი) შემდგარი ხელნაწერი და გულწრფელად უნდა დაადასტურონ, რომ მის დაწერაში რეალურად ეხმარებოდა ხელოვნური ინტელექტი.
ლიტერატურულ პრემიას მე-17 საუკუნის მათემატიკოსის და მოაზროვნის, ბლეზ პასკალის სახელი უწოდეს, რომელმაც 19 წლის ასაკში პირველი გამომთვლელი მანქანა გამოიგონა.
კონკურსის ორგანიზატორებმა თავიანთ მანიფესტში განაცხადეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ტექსტების წერის უნარი „აღარ წარმოადგენს სიახლეს“. „პასკალის პრემიის მიზანი არ არის იმ საკითხის გადაწყვეტა, გადააჭარბებს თუ არა მანქანა მწერალს“, - ხაზგასმით აღნიშნავენ ისინი.
კონკურსს სხვა მიზნები აქვს: კაცობრიობის წინსვლისთვის ტექნოლოგიების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება, ლიტერატურული ჯილდოების ფრანგული ტრადიციის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიასთან გაერთიანება, ნეირონული ქსელების გამოყენებით კულტურული ხელმისაწვდომობის გაფართოება და მათი შემოქმედებითი პოტენციალის შეფასება ლიტერატურაში.
პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ პირობებს. ორგანიზატორების თქმით, ნამუშევრები, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სასარგებლო, გამოკვეთოს ჩვენი დროის ერთ-ერთი გარემოსდაცვითი, სოციალური ან ეთიკური საკითხი და ხელი შეუწყოს ამ პრობლემების „ორიგინალური გზით“ მოგვარებას.
ჟიური ნამუშევრებს ორი კრიტერიუმით შეაფასებს: შემოქმედებითი გამბედაობა — უჩვეულო ფორმა ან წერაზე მოულოდნელი მიდგომა — და მოთხოვნის სიახლე, რომელიც საკმარისად დეტალურად არის აღწერილი, რათა სხვა მწერლებმა მოგვიანებით გამოიყენონ იგი. „ნამუშევრები, რომლებიც ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს, ერთი ადამიანისთვის რთულია შექმნას“ – ამტკიცებენ კონკურსის ორგანიზატორები.
ხელნაწერების შემფასებელი ჟიური ხუთი ადამიანისგან შედგება: მწერლები, კრიტიკოსები, გამომცემლები, ფილოსოფოსები და ჟურნალისტები.