გარკვეული საპროცენტო განაკვეთების დაღმასვლა შეინიშნება. მაგალითად, ლარის იპოთეკური სესხები, ახალი გაცემები, ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, დაახლოებით, 3%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება, ბიზნეს სესხებთან მიმართებით.

„რაც შეეხება სესხების პროცენტის სტატისტიკას, ესეც მინდა გითხრათ, რომ ბაზარზე თუ დააკვირდებით პროცესებს, გარკვეული საპროცენტო განაკვეთების დაღმასვლა შეინიშნება. მაგალითად, ლარის იპოთეკური სესხები, ახალი გაცემები, ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, დაახლოებით, 3%-ით არის შემცირებული. ბანკები აცხადებენ პერიოდულად კამპანიებს და თუნდაც 9%-ით ლარში არის შესაძლებელი ლარის იპოთეკის აღება. ეს სხვადასხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული, მათ შორის, გარკვეული რისკების შემცირებასთანაც არის დაკავშირებული, მათ შორის, რეზერვების ზრდის შედეგად და დადებითი პროცესია. ასევე, დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება, არა ასეთი მკვეთრი, მაგრამ დაღმავალი, ბიზნეს სესხებთან მიმართებით. სამომხმარებლო სესხები, რა თქმა უნდა, რჩება უფრო მაღალპროცენტიანი. პირველი, რაც ამას შეუწყობს ხელს- კონკურენციის განვითარება“.- განაცხადა თურნავამ.

ipn.ge