ამერიკული სწრაფი კვების ქსელის, Wendy’s-ის გაყიდვები აშშ-ში შემცირდა. CNN-ის ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში კომპანიის ამერიკულ რესტორნებში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთსა და იმავე ობიექტებში გაყიდვები 5.7%-ით დაეცა. ეს კომპანიისთვის გაყიდვების შემცირების ზედიზედ მეშვიდე კვარტალია.

CNN-ის ცნობით, კომპანიის ფინანსურ შედეგებზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის საქონლის ხორცის გაძვირება, რესტორნებში მომხმარებელთა ნაკადის შემცირება და ის გარემოება, რომ დაბალფასიანი შეთავაზებები მომხმარებლების მოზიდვას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

Wendy’s-ის მაჩვენებლები მის მთავარ კონკურენტებს ჩამორჩება. იმავე პერიოდში McDonald’s-ის აშშ-ის რესტორნებში გაყიდვები 0.2%-ით შემცირდა, Burger King-მა კი 8.4%-იანი ზრდა აჩვენა.

არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად Wendy’s მრავალწლიან სტრატეგიას, სახელწოდებით „Dave’s Way“, იწყებს. გეგმა ითვალისწინებს მენიუს გაუმჯობესებას, მარკეტინგული აქტივობების გაძლიერებასა და მიტანის სერვისის გაფართოებას. კომპანია ასევე ცვლის საუზმის შეთავაზების პოლიტიკას და მის მიწოდებას კონკრეტული რესტორნების გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულს ხდის.