ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (Ofast) ცნობით, კოკაინის ტრეფიკინგი ახლა ქვეყნის „თითქმის მთელ ტერიტორიაზეა“ გავრცელებული.
Ofast-ი იუწყება, რომ „2025 წლის პირველ ნახევარში კოკაინის ამოღებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და 37,5 ტონა შეადგინა“ჯულიენ დე როსა / სააგენტო „ფრანს პრესი“
პარასკევს, 18 ივლისს, სააგენტო „ფრანსინფო“ გაეცნო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (Ofast) კონფიდენციალურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველ ნახევარში საფრანგეთში კოკაინის ამოღებამ „რეკორდულ დონეს“ მიაღწია. ამ ინფორმაციას გაზეთი „ლე მონდიც“ ადასტურებს.
„2025 წლის პირველ ნახევარში კოკაინის ამოღებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და 37,5 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 25,8 ტონა იყო. ასე რომ, ბოლო ერთ წელიწადში 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია Ofast-ის ანგარიშში. თუმცა, საქმესთან დაახლოებული წყაროდან „ფრანსინფოს“ მიერ მიღებული ინფორმაციით, სამშაბათს, 15 ივლისს, ანტილის კუნძულებთან (ვესტ-ინდოეთის არქიპელაგი) ახლოს, კიდევ 4,8 ტონა კოკაინი ამოიღეს, რის შედეგადაც წლის დასაწყისიდან ამოღებული კოკაინის საერთო რაოდენობამ 42,3 ტონას მიაღწია. იმავე წყაროს ცნობით, ამ ოპერაციის დროს, ფორტ-დე-ფრანსში დაახლოებით თხუთმეტი ადამიანი დააკავეს.
მაღალი მოგება
Ofast-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საფრანგეთში 1 გრამი კოკაინის ფასი დაეცა, რაც ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა. 2024 წელს ის საშუალოდ 58 ევრო ღირდა, რაც, 2023 წელთან შედარებით, 12%-ით ნაკლებია, თუმცა, მინარევებისგან მისი სისუფთავის მაჩვენებელი, პირიქით, კვლავ იზრდება: 53 პროცენტიდან ( 2014 წელი) ახლა ის 75 პროცენტამდეა ასული. „მისი მოხმარება საფრანგეთში იზრდება , ხოლო ტერფიკინგი თითქმის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება“, - წერს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი და განმარტავს, რომ კოკაინით ვაჭრობა საკმაოდ მომგებიანია, რადგან კოლუმბიიდან საფრანგეთში შემოტანის შემდეგ, მისი საბითუმო ფასი 25-ჯერ იზრდება, კანაფის ფისის ფასი კი - 3-ჯერ, რაც „სულ უფრო მეტ ფრანგ ტრეფიკერს უბიძგებს იმისკენ, რომ ინვესტიცია კოკაინში ჩადოს“. „კოკაინი საფრანგეთში ყველა საზღვრიდან და ყველა შესაძლო საშუალებით აღწევს (თვითმფრინავები, გემები, წყალქვეშა ნავები, მანქანები, „ჯორები“, ტვირთები, ამანათები...)“, - იუწყება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი.
დაბოლოს, Ofast აღნიშნავს „მუდმივ პროგრესს“ „ჯორების“ [შენიშვნა: მგზავრები, რომლებიც მალავენ კოკაინს - რედ.]ფენომენში: 2024 წელს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, სულ 1640 ასეთი მგზავრი დააკავეს (ძირითადად, ვესტ-ინდოეთიდან და საფრანგეთის გვიანადან), „ტრანსპორტირებული პროდუქტის საშუალო მოცულობამ კი 2,85 კგ (+14%) შეადგინა“.
წყარო: 1 არხი