საფრანგეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, 30 წლის ჟორდან ბარდელას გამარჯვებას პროგნოზირებს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს არის დაგეგმილი.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანიამ, Odoxa-მ ჩაატარა. სოცილოგიური კვლევა, რომლის ფარგლებში ათასი ადამიანი გამოიკითხა, 19-20 ნოემბერს ჩატარდა. ცდომილება 2,5%-ს შეადგენს.

გამოკითხვის შედეგებით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, თუ საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ კვირას ჩატარდება. კერძოდ, პარტიის ლიდერს, ჟორდან ბარდელას გამოკითხულთა 35% ან 36% უჭერს მხარს. ამ მაჩვენებლით ის ყველა დანარჩენ კანდიდატზე მეტ ხმას მოაგროვებს და მეორე ტურში გადავა.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში ბარდელა 74%-ით გაიმარჯვებდა ულტრამემარცხენე ლიდერთან, ჟან-ლუკ მელანშონთან და 53%-ით – ყოფილ პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპთან.

„ჟორდან ბარდელასა და მისი მხარდამჭერებისთვის სამწუხაროდ და ყველა დანარჩენისთვის საბედნიეროდ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აბსოლუტურ ფავორიტად ყოფნა წარმატების გარანტიას არ წარმოადგენს“, – ნათქვამია Odoxa-ს ანგარიშში.

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აუკრძალა, როდესაც მარტში დამნაშავედ ცნო ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე. მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლო მარინ ლე პენის განაჩენს ძალაში თუ დატოვებს, მისი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ბარდელა მოიაზრება.

პირველი არხი