მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, როლანდ პრაისის შეფასებით, საქართველოში, როგორც საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში, სიღარიბისა და უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია. BMG-ის კითხვის საპასუხოდ, როლანდ პრაისმა იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელთა შესრულებითაც ქვეყანას ამ პრობლემების აღმოფხვრა შეუძლია.

"მსოფლიო ბანკში ერთ-ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ სიღარიბის შემცირება ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნით ხდება. 2018 წელს საქართველოში სამუშაო ძალის მხოლოდ 20%-ს ჰქონდა სამსახური, რომელიც კვირაში 20 საათს ითვალისწინებდა ოფიციალური კონტრაქტით. ეს რიცხვი 2024 წლისთვის 47%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი ზრდაა და ეს უაღრესად პოზიტიურია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა მცირდება, საქართველოში ის კვლავ მაღალია სხვა, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით. ასე რომ, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ვიტყოდი, რომ ხარისხიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი, ქვეყანაში პროდუქტიულობის გაუმჯობესება. ეს ეხება კონკურენციის გაზრდას, კომპანიების პროდუქტიულობის გაზრდას, რის შედეგადაც, იმედია, მათ მეტი სამუშაო ადგილი და მეტი ადამიანი დასჭირდებათ", - ამბობს პრაისი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიების მხრიდან მოთხოვნის გაზრდა, არამედ მიწოდების გაუმჯობესებაც და ადამიანების სამუშაო უნარებზე ზრუნვა.

"მიწოდების მხრივ, როდესაც საქმე ადამიანებს ეხებათ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი უნარების გასაუმჯობესებლად. აქ ვსაუბრობთ პროფესიულ და ციფრულ უნარებზე, რადგან მომსახურების სფერო დიდ როლს შეასრულებს ადამიანების სამუშაო ძალაში მოსაზიდად. ეს დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში.

და ბოლოს, გირჩევდით, მეტი იმუშაოთ ზრუნვის ეკონომიკაზე, რადგან ამჟამად ქალების მხოლოდ 44% ხვდება სამუშაო ძალაში. თუ ზრუნვის ეკონომიკა უფრო მდგრადი იქნება, მაშინ ადამიანები, რომლებიც ამჟამად სახლში არიან და ოჯახებზე ზრუნავენ, შეძლებენ სამუშაო ძალაში შესვლას. ვფიქრობ, ეს არის რამდენიმე ძირითადი რამ, რაც საჭიროა ხარისხიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად", - განაცხადა როლანდ პრაისმა.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, შარშან საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი [აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი] წლიურად 2.4 პროცენტული პუნქტით, 9.4%-მდე შემცირდა.

2025 წლის მე-3 კვარტალში კი საქართველოში უმუშევრობა 13.3%-მდე შემცირდა. ქვეყანაში დასაქმებულად ითვლება 1.4 მილიონამდე ადამიანი, აქედან 975 ათასი დაქირავებით დასაქმებულია; თვითდასაქმებულთა რაოდენობა 418 ათასია, ხოლო უმუშევრად ითვლება 214 ათასი პირი. სამუშაო ძალა, ანუ ის ადამიანები ვინც სამსახურს ეძებენ ჯამში 1.6 მილიონია.

bm.ge