საქონლის ხორცზე ფასების ზრდას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი ჯერ კიდევ 2 წლის წინ პროგნოზირებდა. როგორც მან რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განმარტა, 2023 წელს ერაყისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, ჯამში, 177 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვი გაიყვანეს, ხოლო იმპორტმა, ძირითადად, რუსეთიდან, მხოლოდ 52 ათასი სული შეადგინა. 2024 წელს საქართველოდან 105-107 ათასი სული გაიყვანეს, წელს კი უკვე გაყვანილია 120 ათასზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი.
„დღეს ქვეყანაში გასასუქებელი საქონელი აღარ არის. საქართველოში სულ 850 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გვყავს, მაგრამ მაინც დეფიციტია, რადგან მასობრივად გადის ქვეყნიდან. ამასთან ერთად, ბევრი იკვლება და მათ შორის, იკვლება ხბოც. ხბოს ხორცის მოხმარება კი საკმაოდ მაღალი გვაქვს, სხვაგან ასეთი მოხმარება არსად არ არის.
ოქტომბერში ერთი კვირის განმავლობაში, ასაღებმა ფასმა 2 ლარით მოიმატა და შესაბამისად, მაღაზიებშიც მოიმატებდა. ჯერ კიდევ რაღაც ქსელები, მგონია, რომ თავს იკავებენ, მაგრამ როცა ყველაფერს უკეთ დათვლიან, ფასებს ისინიც აუცილებლად გაზრდიან“, - ამბობს ბექა გონაშვილი.
ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ფერმერმა 120 და 130 კილოიანი მოზვერი არ უნდა გაყიდოს. ამასთან, საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება, რომ მაგალითად, 200 კილოგრამზე ნაკლები პირუტყვი ქვეყნიდან არ გადიოდეს, მისი აზრით, უადგილოა, ვინაიდან თავად ფერმერმა უნდა გამოიჩინოს წინდახედულობა, ჰქონდეს ცოდნა და მოტივაცია, რომ ეს არ გააკეთოს.
„ვფიქრობ, საქონლის ხორცის ფასი სამომავლოდაც გაიზრდება. მეღორეობაში შესაძლებელია, რომ გარდატეხა შეიტანო და 2-3 წელიწადში სულადობა გაზარდო, მაგრამ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ამას ვერ გააკეთებ, მით უმეტეს, როცა დამოკიდებული ხარ საძოვრების მასშტაბსა და რაოდენობაზე“, - აცხადებს ბექა გონაშვილი.