რუსული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს კომპანიები ინდოეთის მიწოდების ჯაჭვებს იყენებენ, რათა ქვეყანაში ევროპაში წარმოებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ათასობით საქონელი შეიტანონ, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემა მკვლევრებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირთან ნიუ დელის ბოლოდროინდელმა სავაჭრო შეთანხმებებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს იმის რისკი, რომ კრიტიკული დანიშნულების და ორმაგი დანიშნულების საქონელი ინდოეთის გავლით რუსეთთან დაკავშირებულ სამრეწველო ჯაჭვებში მოხვდეს.
კომპანია Strider Technologies-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ინდოეთის გავლით რუსეთისკენ 50 ათასი ერთეული კონტროლირებადი ან კრიტიკული დანიშნულების საქონელი გაიგზავნა მესამე ქვეყნებიდან. ამისთვის მათ საბაჟო მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომელი პროდუქცია იყო თავდაპირველად ევროპული წარმოშობის და შემდეგ ინდოეთიდან რუსეთში გავიდა. ნივთებს შორის იყო ელექტრონული მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო აღჭურვილობა, ლითონები და თანამედროვე ელექტრული კომპონენტები.
მკვლევართა მონაცემებით, ომიდან 2025 წლის დასაწყისამდე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ინდოეთიდან რუსეთში ექსპორტი იმ კრიტიკული დანიშნულების ან ორმაგი დანიშნულების საქონლის, რომელთა წარმოშობის ქვეყნებიც არიან ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი და საფრანგეთი. გერმანული წარმოშობის საქონლის ექსპორტის მოცულობებიც მაღალი რჩება, თუმცა ვაჭრობის მასშტაბი მცირდება.