რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე მოქალაქეები ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ეძებენ ინფორმაციას, როგორ შეიძლება ბენზინის დამოუკიდებლად მიღება.
„იანდექს ვორდსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ფრაზა „როგორ დავამზადოთ ბენზინი“ 17 169-ჯერ მოძებნეს, რაც მაისის მაჩვენებელს დაახლოებით სამჯერ აღემატება და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია.
ასევე გაიზარდა დაინტერესება „სახლის პირობებში დამზადებული ბენზინით“ და 92-ოქტანიანი საწვავის 95-ოქტანიანად გარდაქმნის შესაძლებლობით. ყველაზე მეტი მსგავსი მოთხოვნა მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, კრასნოდარიდან, სევასტოპოლიდან და სიმფეროპოლიდან დაფიქსირდა.
თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფორმულირება, თითქოს ეს რუსეთის მოსახლეობის მიერ ინტერნეტში „ყველაზე ხშირად მოძებნილი ინფორმაციაა“, ზუსტი არ არის. მონაცემები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ შესაბამისი მოთხოვნების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და არა იმას, რომ ის ქვეყანაში ყველა სხვა საძიებო თემაზე პოპულარული გახდა.
დაინტერესების ზრდა რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული რეალური პრობლემების ფონზე ხდება. The Bell-ის ინფორმაციით, უკრაინული თავდასხმების შემდეგ რუსეთის ბენზინის წარმოება ზაფხულის საშუალო მოთხოვნის მხოლოდ დაახლოებით 65%-ს ფარავს, ხოლო დღიური დეფიციტი 40-45 ათას ტონას აღწევს. რუსეთის ხელისუფლებამ საწვავის დეფიციტი აღიარა, გამოიყენა სახელმწიფო რეზერვები, დროებით შეზღუდა ბენზინისა და სხვა სახის საწვავის ექსპორტი და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გადადება დაიწყო.
ამასთან, რუსეთის რამდენიმე მსხვილ ქსელში ბენზინის კანისტრებით გაყიდვაც შეიზღუდა, ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე კი ერთ ავტომობილზე გასაცემი საწვავის მოცულობის ლიმიტი დაწესდა. ეს გარემოებები მიუთითებს, რომ ინტერნეტში უჩვეულო საძიებო მოთხოვნების ზრდა არა მხოლოდ მოქალაქეთა ცნობისმოყვარეობას, არამედ საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ შიშსაც ასახავს.
წყაროები:
https://tvrain.tv/news/rossijane-stali-aktivno-iskat-v-internete-kak-sdelat-benzin-573563/
https://thebell.io/proizvodstvo-benzina-v-rossii-posle-udarov-po-npz-pokryvaet-tolko-65-sprosa
https://thebell.io/putin-priznal-problemy-s-benzinom-v-rossii
https://thebell.io/novak-priznal-defitsit-topliva-v-rossii-i-svyazal-ego-s-udarami-po-npz