რუსეთში მოსავლის აღების სეზონი დიზელის დეფიციტის გამო საფრთხის ქვეშაა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Moscow Times ავრცელებს. 

რუსეთში 2026 წლის მოსავლის აღების კამპანია დიზელის საწვავის დეფიციტის, გაყიდვებზე დაწესებული შეზღუდვებისა და ფასების ზრდის ფონზე მიმდინარეობს. ამის შესახებ Forbes ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს.

ყველაზე მწვავე ვითარება ქვეყნის სამხრეთ რეგიონებშია, სადაც ფერმერები საწვავის მოსაპოვებლად საათობით, ზოგჯერ კი მთელი ღამით ელოდებიან ავტოგასამართ სადგურებზე. ბევრ რეგიონში მოქმედებს ლიმიტი – ერთ მომხმარებელზე 100-200 ლიტრი დიზელი, მაშინ როცა ერთი კომბაინი სამუშაო ცვლაში 300 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს.

ექსპერტების შეფასებით, როსტოვის ოლქში მოსავლის 15%-მდე დაკარგვის რისკი არსებობს. საწვავის კრიზისი, მათივე ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა გაამწვავა, რის შედეგადაც რუსეთში დიზელის წარმოება თითქმის 40%-ით შემცირდა.

ანალიტიკური ცენტრი „სოვეკონი“ 2026 წელს ხორბლის მოსავალს 88.9 მილიონ ტონად პროგნოზირებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 2.5%-ით ნაკლებია.