ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას რუსეთის დარტყმებზე. კონკრეტულად აშშ-ის წინადადება იყო, შეჩერებულიყოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები დიპლომატიური ძალისხმევის და ზამთრის ასეთი მკაცრი ამინდის დროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა დონალდ ტრამპის პირად თხოვნას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები შეეჩერებინათ, რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტებით უპასუხა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა პირადად ითხოვა ეს. ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტებით უპასუხა - კვირიდან მხოლოდ ოთხი დღე გავიდა, რაც რუსეთს შეჩერება სთხოვეს. ეს ასევე ბევრს მეტყველებს რუსეთის მიერ მიცემულ ან სამომავლო სხვა დაპირებებზე. თუ მათი სიტყვა ახლაც არ სრულდება, რას უნდა ველოდოთ შემდეგ?“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს სურს, სიცივით ისარგებლოს და უკრაინაზე თავდასხმებით ზეწოლა მოახდინოს.

„მოსკოვში გამოუსწორებლები არიან და ცდილობენ ისარგებლონ სიცივით, რადგან თავდასხმებით ჩვენი, უკრაინის დამორჩილება არ შეუძლიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხარკოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო, კიევი და დონეცკისა და ხერსონის ოლქების თემები რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმის ქვეშ არიან.

„ომი უნდა შეწყდეს. მაგრამ თუ მსოფლიოს - შეერთებულ შტატებს, ევროპას - არ გააჩნია ძალა, შეაჩეროს რუსული დარტყმები, ვინ დაიჯერებს, რომ მას აქვს ძალა, ნამდვილად შეუშალოს ხელი ომის ხელახლა გაღვივებას? საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა ნდობა აღდგეს ყველაფერში, რაც ამჟამად სხვადასხვა მხარეს შორის ხდება. ასევე საჭიროა ზეწოლა, რათა შეიქმნას სტიმული რუსეთისთვის, რომ ინვესტიცია ჩადოს დიპლომატიაში და არა დესტრუქციულ ომში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

Ipn.ge