რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა (RDIF) ბერინგის სრუტის ქვეშ გვირაბის პროექტირების შესახებ შეთანხმება გააფორმა. ინიციატივა რუსეთის ჩუკოტკისა და აშშ-ის ალასკის დამაკავშირებელი სარკინიგზო და სატვირთო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს.

RDIF-ის ხელმძღვანელის, კირილ დიმიტრიევის განცხადებით, პროექტი ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის სარკინიგზო ქსელების დაკავშირებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, პროექტირების შეთანხმება შემდგომი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა ჯერ კიდევ შესაფასებელია.

დიმიტრიევმა პროექტის იდეა პირველად 2025 წლის ოქტომბერში გააჟღერა და მისი სავარაუდო ღირებულება 8 მილიარდ დოლარად შეაფასა. მისი განცხადებით, გვირაბის მშენებლობას შესაძლოა რვა წელზე ნაკლები დასჭირდეს. ეს შეფასებები რუსეთის წარმომადგენლის მიერ დასახელებული წინასწარი ვარაუდებია და არა დამტკიცებული საინვესტიციო გეგმა.

პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული გამოწვევები ახლავს: ამჟამად არც ჩუკოტკას აქვს რუსეთის ძირითად სარკინიგზო ქსელთან კავშირი და არც ალასკის რკინიგზა უკავშირდება ბერინგის სრუტის სანაპიროს. RBC-ის შეფასებით, მხოლოდ ჩუკოტკაში საჭირო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 3 700 კილომეტრი ლიანდაგის გაყვანა გახდება საჭირო.