რუსეთის სულ მცირე ოთხ რეგიონში მაღალჩინოსნებს ავტოგასამართ სადგურებზე პრიორიტეტული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, მაშინ როდესაც რიგით მოქალაქეებს საწვავის შეძენა შეზღუდვებით ან ხანგრძლივი რიგების გავლით უწევთ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის გაყიდვა მხოლოდ სამსახურებრივი მოწმობის, საწვავის ბარათის წარდგენის ან სპეციალური კოდური სიტყვის – „მთავრობა“ – გამოყენების შემთხვევაში ხდება. სხვა მომხმარებლებს კი საწვავზე უარს ეუბნებიან ან საათობით ლოდინი უწევთ.

მედიის ცნობით, შექმნილი ვითარება საწვავის დეფიციტს უკავშირდება, რომელიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინული დრონების გახშირებული თავდასხმების ფონზე წარმოიშვა.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა და მოსახლეობის უკმაყოფილებისა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საწვავის დეფიციტი კრიტიკულ დონეზე არ არის და შიდა ბაზარი ბენზინით სრულად მარაგდება.