„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ევროპაში აშშ-ის ჯარების უფრო მკვეთრ შემცირებას აპირებდა, თუმცა გეგმა საბოლოოდ გაუქმდა.
როგორც გამოცემა წერს, ჰეგსეტი გასულ თვეში აპირებდა, ნატო-ს მოკავშირეებისთვის გამოეცხადებინა ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების უფრო რადიკალური შემცირება. კერძოდ, გამოცემის წყაროების ცნობით, ჰეგსეტი გეგმავდა ბრიუსელში ვიზიტს, სადაც ნატო-ს უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას უნდა ეთქვა, რომ აშშ განიხილავდა ამერიკული სამხედრო ძალების დამატებით შემცირებას, თუმცა ეს ინიციატივა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ამის შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებისთვის. წყაროების თქმით, სწორედ მათი ჩარევის შემდეგ გეგმა აღარ განხორციელდა.
ამის ნაცვლად, ჰეგსეტმა განაცხადა, რომ პენტაგონი დაიწყებს ამერიკელი სამხედროების ყოფნის გადახედვას ევროპაში, პროცესი კი, შესაძლოა, ექვს თვემდე გაგრძელდეს.
როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ეს შემთხვევა მიუთითებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ევროპაში ამერიკული ჯარების რაოდენობისა და მათი შემცირების ტემპის შესახებ. ამავდროულად, ჰეგსეტის ინიციატივებმა შეშფოთება გამოიწვია როგორც ნატო-ს მოკავშირეებში, ისე ამერიკელ კანონმდებლებში. მათ შორის არიან რესპუბლიკელი კონგრესმენებიც, რომლებიც შიშობენ, რომ ასეთმა ნაბიჯებმა, შესაძლოა, დააზიანოს ნატო-ს გრძელვადიანი სტაბილურობა და რუსეთს დამატებითი უპირატესობა მისცეს.
გამოცემის ცნობით, კონგრესში უკვე განიხილება შეზღუდვები, რომლებიც პენტაგონს აუკრძალავს ჯარების რაოდენობის შემცირებას გარკვეულ ზღვარზე ქვემოთ, დაახლოებით 76 000 სამხედრო მოსამსახურემდე, ვიდრე შესაბამისი რისკების შეფასება არ მოხდება. ამასთან, ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ხარჯები და ევროპაში ძალების განაწილება, შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი მთავარი თემა მომდევნო კვირას ანკარაში დაგეგმილ სამიტზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.