ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობა კომპანიის 5%-იან წილს მიიღებს. ინფორმაცია თავდაპირველად Financial Times-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი Reuters-მაც დაადასტურა.

გამოცემების ცნობით, იდეა უკავშირდება ვაშინგტონში მზარდ დისკუსიას ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან, უსაფრთხოების რისკებთან და იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მიიღოს სარგებელი ინდუსტრიის მიერ შექმნილი მრავალმილიარდიანი ეკონომიკური ღირებულებიდან.

წყაროების ინფორმაციით, OpenAI-ის ხედვა მხოლოდ საკუთარ კომპანიას არ მოიცავს. ინიციატივის ფარგლებში განხილულია, რომ მსგავსი 5%-იანი წილი აშშ-ის მთავრობას სხვა წამყვანმა ამერიკულმა AI-კომპანიებმაც გადასცენ, თუმცა უცნობია, რამდენად მზად არიან ისინი ამ მოდელის მისაღებად.

Reuters წერს, რომ წინადადების ერთ-ერთი მთავარი მოტივი საზოგადოების მზარდი შეშფოთებაა ხელოვნური ინტელექტის გავლენასთან დაკავშირებით. სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების დაახლოებით ნახევარი ფიქრობს, რომ AI-მ შესაძლოა მათ ან მათი ოჯახის წევრებს სამუშაო დააკარგვინოს.

კიდევ ერთი ფაქტორი რეგულაციების გამკაცრებაა. ბოლო პერიოდში აშშ-ის ხელისუფლებამ ხელოვნური ინტელექტის სექტორზე ზედამხედველობა გააძლიერა. გასულ კვირას, ადმინისტრაციის მოთხოვნის შემდეგ, OpenAI-მა GPT-5.6-ის მასშტაბური გამოშვება გადადო, ხოლო მანამდე კონკურენტ კომპანიას Anthropic-ს მთავრობის მოთხოვნით დროებით შეეზღუდა ყველაზე მოწინავე AI-მოდელებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წვდომა.

Financial Times-ის ცნობით, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა, აღნიშნული ინიციატივა უკვე განიხილა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ვაჭრობის მდივანსა და ფინანსთა მინისტრთან. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საწყის განხილვებზე და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც Reuters აღნიშნავს, საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არც OpenAI-ს და არც თეთრ სახლს არ გაუკეთებიათ.