საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი რუსეთის ეკონომიკის ტენდენციებს აანალიზებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი განმარტებით, ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (ФНБ), ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან შემცირებული შემოსავლის დასაბალანსებლად, დღეში 12,8 მილიარდი რუბლის ღირებულების ჩინურ იუანსა და ოქროს გაყიდის, რაც ჯამში 192,1 მილიარდ რუბლს შეადგენს. სურამელაშვილის განმარტებით, რუსეთის ეკონომიკა დაკარგავს ექსპორტის შემოსავლებიდან 35 მილიარდ დოლარს, რაც, თავის მხრივ, მეტ დარტყმას მიაყენებს ფონდს და ბიუჯეტის ხარჯების შემდგომ ოპტიმიზაციას გამოიწვევს.
"კომერსანტი" სურამელაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"ა.წ. 16 იანვრიდან, 5 თებერვლამდე, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან (ФНБ), დღეში 12,8 მილიარდი რუბლის ღირებულების ჩინურ იუანსა და ოქროს გაყიდის, რაც ჯამში 192,1 მილიარდ რუბლს შეადგენს, რათა დააბალანსოს ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირება.„Интерфакс“-ი, "The Moscow Times" და სხვა რუსული გამოცემები აღნიშნავენ, რომ ფისკალური წესებით განხორციელებული ტრანზაქციების ეს მოცულობა, ისტორიული რეკორდი იქნება და ის პანდემიის პერიოდის პიკს გადააჭარბებს, როდესაც ფონდი დღეში 11,4 მილიარდი რუბლის აქტივებს ასხვისებდა.ამასთან, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით (5.6 მილიარდი რუბლი), "ФНБ"-ის ლიკვიდური აქტივების გაყიდვა 2026 წლის იანვარში 2.3-ჯერ გაიზრდება. აქტივების გასხვისების ეს ზრდა, რუსულ ნავთობზე დიდი დისკონტით არის განპირობებული.ფინანსთა სამინისტრომ ნავთობისა და გაზის გადასახადებიდან შემოსავლები 8,9 ტრილიონი რუბლით დაგეგმა. თუმცა, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ფაქტობრივი შემოსავალი 2.5-3 ტრილიონი რუბლით ნაკლები იქნება.ეს ნიშნავს, რომ ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (ФНБ) რეზერვები ნულამდე შემცირდება - აღნიშნავენ ეკონომისტები. 2026 წლის დასაწყისში, ფონდს 4.1 ტრილიონი რუბლის ლიკვიდური აქტივები გააჩნდა — ანუ გამოუყენებელი ვალუტა და ოქრო, რომელიც ცენტრალურ ბანკში ანგარიშებზე ინახებოდა.ომის დაწყებამდე, "ФНБ" ფლობდა 113,5 მილიარდი დოლარის ლიკვიდურ აქტივებს, მათ შორის 405,7 ტონა ოქროს. მას შემდეგ, მთავრობამ ფონდის ოქროს რეზერვების 60% გაყიდა, რომელიც დღეისთვის 173 ტონამდე შემცირდა.ფონდის მთლიანი ხელმისაწვდომი სახსრები 52.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო მისი უცხოური ვალუტის რეზერვები 209.15 მილიარდ იუანამდე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ფონდის დაარსების შემდეგ, 2008 წელს. ეკონომისტების გათვლებით, რუსული ნავთობის ფასების ვარდნა გამოიწვევს იმას, რომ ეკონომიკა დაკარგავს ექსპორტის შემოსავლებიდან 35 მილიარდ დოლარს, რაც, თავის მხრივ, მეტ დარტყმას მიაყენებს ფონდს და ბიუჯეტის ხარჯების შემდგომ ოპტიმიზაციას გამოიწვევს." - წერს საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი.