რუსეთის რეგიონებში საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობის გამო უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის განკუთვნილ დამატებით ფინანსურ დახმარებას ამცირებენ ან აუქმებენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება ათზე მეტმა რეგიონმა მიიღო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტებში არსებული დეფიციტი და ფედერალური ბიუჯეტიდან არასაკმარისი დაფინანსება განაპირობებს.
განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა კომპენსაციები ბაშკირეთში. თუ 2025 წლის სექტემბერში დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის რეგიონული დახმარება 2 მილიონ რუბლს შეადგენდა, 2026 წელს ის 100 000 რუბლამდე შემცირდა. შედეგად, დახმარების ოდენობა 20-ჯერ ნაკლები გახდა.
ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს სხვა რეგიონებშიც. სარატოვის ოლქში დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარება 1 მილიონიდან 100 000 რუბლამდე, ანუ 90%-ით შემცირდა. სამარის ოლქმა კი ახალი განაცხადების შემთხვევაში 1-მილიონიანი კომპენსაცია საერთოდ გააუქმა.
ამასთან, უცვლელი რჩება ფედერალური კომპენსაცია, რომელიც სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში ოჯახისთვის 5 მილიონ რუბლს შეადგენს. შემცირება ეხება დამატებით დახმარებას, რომელსაც რეგიონული ბიუჯეტები აფინანსებდნენ.
რუსეთის რეგიონების ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2025 წელს რეგიონული ბიუჯეტების ჯამურმა დეფიციტმა 1.54 ტრილიონი რუბლი შეადგინა, დეფიციტით კი წელი 73 რეგიონმა დაასრულა, წინა წელს არსებული 49 რეგიონის ნაცვლად.