დინოზავრების მოყვარულებს დღეიდან ახალი სახელი აქვთ, როცა ვინმე მათი ფავორიტი დინოზავრის შესახებ ჰკითხავთ.
გაიცანით Infernogallus jamesi — „ჯოჯოხეთის ქათამი“, რომელიც ისეთ საკულტო არსებებთან ერთად ცხოვრობდა, როგორებიცაა ტირანოზავრ რექსი და ტრიცერატოპსი.
საზარელი სახელის მიუხედავად, Infernogallus-ი სულ რაღაც ინდაურის ზომის იყო, იწონიდა 12 კილოგრამამდე.
მისგან არანაირი საფრთხე არ გელოდათ, თუ წვნიანი ხილი არ იყავით.
როგორც ჩანს, ახლად სახელდებული სახეობა და გვარი ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი პირველი ხილისმჭამელი დინოზავრი იყო.
„ცხოველებში საკმაოდ იშვიათია, რომ ხილის რაციონზე სპეციალიზდეს; ამიტომ, როცა ასე ხდება, საქმე გვაქვს რაღაც გამორჩეულ ადაპტაციებთან. Infernogallus-ის ანატომია უცნაურია დინოზავრებს შორის და სწრაფად გავაანალიზეთ, რომ ჩვენ წინაშე რაღაც განსაკუთრებული იყო“, — ამბობს ონტარიოს სამეფო მუზეუმის ევოლუციური ბიოლოგი თომას დაჯონი.
ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა ხუთ ეგზემპლარზე დაყრდნობით Infernogallus-ი ოფიციალურად აღწერეს. მისი ხილის სიყვარული განსაკუთრებით გამოვლინდა თავის ქალაში.
Infernogallus-ს ჰქონდა მოღუნული ნისკარტი, დაახლოებით დღევანდელი თუთიყუშების და კუს მსგავსი. თუმცა, ამ ნისკარტით კბენის ძალა გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე სხვა მსგავს ცხოველებში, ანუ საქმე არ ეხებოდა მაგარი კაკლების, თესლების ან ნაჭუჭების გატეხას.
როგორც ჩანს, ის არც გვიმრას და მსგავს ბოჭკოვან საკვებს ჭამდა, როგორც ზოგიერთი ბალახისმჭამელი დინოზავრი — Infernogallus-ს არ ჰქონდა ისეთი კბილები, რომ ამ სახის მასალა დაეღეჭა და ყველაზე სრულყოფილი ეგზემპლარის ნაწლავებში არც კუჭის კენჭების არავითარი კვალი აღმოჩენილა.
ამის ნაცვლად, ჯოჯოხეთის ქათამი, როგორც ჩანს, რბილ საკვებს ჭამდა, მაგალითად, ხილს.
კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ჯოჯოხეთის ქათმის ყბის კუნთები განლაგებული იყო წინა-უკანა მიმართულებით და არა ზემოდან ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ის ღეჭავდა, მისი ყბები წინ და უკან მოძრაობდა და ასე აქუცმაცებდა საკვებს.
კუნთების ასეთი განლაგება შედარებით იშვიათია და ძირითადად გვხვდება კომპლექსური ყბების მქონე არსებებში, მაგალითად, ადამიანებში და თუთიყუშის იმ სახეობებში, რომლებიც ძირითადად მხოლოდ ხილს ჭამენ.
კიდევ ერთი მინიშნება დინოზავრის სასაში იმალებოდა. კბილების ნაცვლად, Infernogallus-ს ჰქონდა ძვლოვანი ზედაპირების წყვილი, რომლებიც ქედებისა და ღარების რთული ნიმუშით იყო დაფარული და სავარაუდოდ, ანალოგიურ ფუნქციას ასრულებდა.
„ქვედა ყბის წინა-უკანა მიმართულებით მოძრაობისას, ზედა და ქვედა ყბების რელიეფურ ზედაპირებს შორის კონტაქტი ქმნიდა მექანიზმს რბილი საკვების დასაჭრელად, დასასრესად ან დასამსხვრევად — ფილთაქვით საკვების დამუშავების მსგავსად“, — წერენ მკვლევრები.
ამჟამინდელ თუთიყუშებში ამ მახასიათებლებსა და მსგავსებებზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ Infernogallus-ს დიდი ალბათობით კურკიანები უნდა ჰყვარებოდა — ატმისა და ბლის მსგავსი ხილი ცენტრში ერთი დიდი კურკით, რომელსაც გარს გემრიელი რბილობი აკრავს.
რჩება ერთი კითხვა — სინამდვილეში რა შედიოდა იმ დროს მის მენიუში? დინოზავრების პერიოდში ხილი გასაკვირად ახალი „გამოგონება“ იყო.
ჯგუფი მიჰყვა კენაგნატიდების წარმოშობის კვალს — ოჯახს, რომელსაც Infernogallus-ი მიეკუთვნებოდა და ბინადრობდნენ დაახლოებით 107-118 მილიონი წლის წინ. წინა მონაცემების თანახმად, კურკიანი ნაყოფების გამოჩენა დაიწყო აღნიშნული სკალის უფრო გვიანდელ ნაწილში.
ადრეული კენაგნატიდებმა, როგორიცაა მიკროვენატორი, სწრაფად დაიწყო ზოგიერთი ისეთი თვისების ჩამოყალიბება, რომლებიც შეიძლება მათ ამ ახალ ხილზე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა. იმ დროს, რაც სცენაზე Infernogallus-ი გამოჩნდა, დაახლოებით 68-66 მილიონი წლის წინ, ის სრულად იყო აღჭურვილი ხილით კვებისთვის.
„კაენაგნატიდებში (caenagnathids) განვითარებულ ადაპტაციებსა და მეორე მხრივ, ნაყოფის მომცემი ფარულთესლოვანი მცენარეების დივერსიფიკაციასა და ზომაში ზრდას შორის არსებული აშკარა სინქრონულობა შეესაბამება ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, ნაყოფის პირის ღრუში დამუშავება კაენაგნატიდების რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა“, — წერენ მკვლევრები.
ჯგუფის განცხადებით, უცნაურია, მაგრამ ეს სპეციალიზაცია, რომელიც კაენაგნატიდებს ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში ეხმარებოდა, შეიძლება მათი დაცემის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა.
როგორც ჩანს, Infernogallus-ს გააჩნდა ყველა ის მახასიათებელი, რამაც ფრინველთა ხაზს საშუალება მისცა, გადარჩენილიყო ასტეროიდის დაცემისას — მოვლენისა, რომელმაც გაანადგურა არამფრენი დინოზავრები — ჰქონდა პატარა ტანი, სავარაუდოდ ფრინველთა მსგავსი მეტაბოლიზმი და მცენარეული კვების რაციონი.
„თუმცა, ჩვენი ანალიზები მიუთითებს, რომ მას ოდნავ სპეციალიზებული რაციონი ჰქონდა, რომელიც შესაძლოა დიდწილად შედგებოდა ეპიზოდური ან სეზონური საკვებისგან (ნაყოფის რბილობი) და არა უფრო ხანგრძლივად შენახვადი მასალისგან (მასში არსებული თესლები)“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, წინა კვლევები მიუთითებს, რომ საკვების მუდმივ წყაროებზე წვდომის უნარი სავარაუდოდ გადარჩენის მთავარი ფაქტორი იყო, როდესაც ცარცული პერიოდის ბოლოს ხმელეთის კვებითი ქსელების საფუძვლად არსებული პირველადი რესურსები განადგურდა.
სამომავლო კვლევები შეისწავლის, აქტიურად გაავრცელეს თუ არა ამ დინოზავრებმა ხილის ჭამით მათი თესლები — რასაც დღევანდელი ხილისმჭამლები აკეთებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის მომაჯადოებელია დინოზავრების ისტორიის მეორეხარისხოვანი პერსონაჟების სიის შევსება. ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ მიირთმევს ეს პატარა „ჯოჯოხეთის ქათამი“ ალუბლებს, თან კი უყურებს, როგორ ებრძვის ტირანოზავრი რექსი ტრიცერატოპსს.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.