ფრანგმა ძიუდოისტმა, ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტედი რინერმა 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. 37 წლის სპორტსმენმა გადაწყვეტილება ორშაბათს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოსა და გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუს საშუალებით გაასაჯაროვა.
„მე ტედი რინერი ვარ და პირდაპირ გეუბნებით – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი“, – განაცხადა სპორტსმენმა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სოციალური დაპირისპირება, საზოგადოების უკმაყოფილება და მომავლის მიმართ ახალგაზრდების გაურკვევლობა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ უბიძგებს.
რინერი საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას არც მემარჯვენედ და არც მემარცხენედ განსაზღვრავს. მისი განცხადებით, სურს გახდეს პრეზიდენტი, რომელიც ფრანგულ საზოგადოებას გააერთიანებს და პოლიტიკური დაპირისპირების დაძლევას შეძლებს. მისი საარჩევნო სლოგანია: „საფრანგეთი, რომელიც ჩვენ გვინდა“.
სპორტსმენის თქმით, მან უკვე შეკრიბა თანამოაზრეების გუნდი და არჩევნებში მონაწილეობას ბოლომდე აპირებს. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზოს, თუ საპრეზიდენტო საქმიანობა და ამომრჩეველთა გადაწყვეტილება ამის შესაძლებლობას მისცემს.