აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო დაკავებულია და ქვეყნიდანაა გაყვანილი - მას მერე, რაც აშშ-მა ვენესუელაზე მიიტანა მასშტაბური შეტევა, რომელსაც ირანი და რუსეთი გმობენ.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია 3 იანვარს დაიწყო - ვაშინგტონის მხრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის შემდეგ სამხრეთ ამერიკის ამ სახელმწიფოზე.
დეტალები კვლავ ბუნდოვანი რჩება, თუმცა როგორც აშშ-ის სენატორი, მაიკ ლი ამბობს, მას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უთხრა, რომ მადურო აშშ-ის ძალებმა დააპატიმრეს და ის აშშ-ში წარდგება სასამართლოს წინაშე.
რუბიო "აღარ მოელის მოქმედებას ვენესუელაში, ახლა, როცა მადურო აშშ-ის მიერაა დაკავებული" - წერს ლი პლატფორმაზე X.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან "შეიარაღებული აგრესიის აქტი ვენესუელის წინააღმდეგ" და განაცხადა, რომ ნებისმიერი საბაბი, რომელიც ამგვარ ქმედებას გაამართლებს, საფუძველსაა მოკლებული.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ სოლიდარობას ვენესუელის ხალხის, და მხარდაჭერას ბოლივარიული ხელმძღვანელობის სამოქმედო კურსის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას" - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტრო დასძენს, რომ ლათინური ამერიკა "მშვიდობის ზონად" უნდა დარჩეს.
ლათინურ ამერიკაში ვენესუელა მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია - რუსეთი დიპლომატიური და სამხედრო ფორმებით უჭერდა მხარს მადუროს რეჟიმს, მაშინ, როცა ამ რეჟიმზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით ხორციელდებოდა ზეწოლა კამათის საგნად ქცეული არჩევნებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო.
"ვენესუელას გარანტირებული უნდა ჰქონდეს საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება, ნებისმიერი დესტრუქციული - აღარაფერს ვამბობთ სამხედრო - ჩარევის გარეშე გარედან" - აცხადებს რუსეთი.
აშშ-ის სამხედრო თავდასხმას გმობს ირანიც - ვენესუელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე. ამ ცნობას ავრცელებს ირანის სახელმწიფო მედიასაშუალება Press TV.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავარაუდო თავდასხმა არღვევს ვენესუელის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც გაეროს ქარტიას - აცხადებს Press TV.
"აშშ-ის სამხედრო აგრესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ - რომელიც გაეროს წევრია - წარმოადგენს რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას, რისი შედეგებიც აისახება მთელ საერთაშორისო სისტემაზე" - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მადუროს დაკავების თაობაზე მოსკოვს და თეირანს განცხადება არ გაუკეთებიათ.
მადუროს დაკავება არ დაუდასტურებია ვენესუელის ხელისუფლებას - თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა თქვა, რომ მისი და პირველი ლედის, სილია ფლორესის ადგილსამყოფელი უცნობია.
ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში როდრიგესმა თქვა, რომ თავდასხმას ქვეყნის მასშტაბით ემსხვერპლნენ ოფიციალური პირები, სამხედროები და სამოქალაქო პირები.