რუსეთი არქტიკაში სტრატეგიულ პოტენციალს აძლიერებს და ფინეთის საზღვრის გასწვრივ ახალ ობიექტებს აშენებს. ამიტომ, ევროპულმა ქვეყნებმა არქტიკას თვალი უნდა ადევნონ და აქ რუსეთის შეკავების საშუალებები განალაგონ.
ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, არქტიკა ევროპის თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„რუსეთის უდიდესი სტრატეგიული შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი - ბირთვული იარაღი, წყალქვეშა ნავები და შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენები - კოლის ნახევარკუნძულზეა განთავსებული. ისინი ჩვენი საზღვრის გასწვრივ ახალ სამხედრო ობიექტებს აშენებენ, ზუსტად ისე, როგორც ამას „ცივი ომის“ დროს აკეთებდნენ. გონივრული იქნება, თვალი ვადევნოთ არქტიკას და შევქმნათ რუსეთის შეკავების შესაძლებლობები“, - განაცხადა ჰაკანენმა.
კოლის ნახევარკუნძული რუსეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, 100 000 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე გადაჭიმული რეგიონია. აქ თავმოყრილია რუსეთის საზღვაო სტრატეგიული ბირთვული არსენალის უმეტესი ნაწილი, მათ შორის - წყალქვეშა ნავები და შორ მანძილზე მოქმედი ავიაცია.
ჰაკანენი, რომლის სამშობლოც ნატო-ს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2023 წელს შეუერთდა, შორეულ ჩრდილოეთში ალიანსის თავდაცვის გეგმების განახლებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ რეგიონის უსაფრთხოება პრიორიტეტად ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გამოცხადებულიყო: „ეს ძველი, მივიწყებული ახალი ამბავია“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის შეიარაღებული ძალები „მთლიანად არქტიკულია“ და მზად არის, რეგიონის უკეთ დასაცავად, მოკავშირეებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს.
ფინელი მინისტრის თქმით, ევროკავშირს უკრაინის ომიდან სწორი დასკვნები გამოაქვს და თავდაცვის გაძლიერებასა და საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებაზე მუშაობს.
ჰაკანენმა ასევე სცადა, შეემსუბუქებინა წუხილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს აშშ ევროპის კოლექტიური თავდაცვის მიმართ ისეთი ერთგული აღარ არის, როგორიც ადრე იყო.
მისი აზრით, შეერთებული შტატები ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ერთგული რჩება, რაც, „მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროპისთვის ერთადერთი ვარიანტია“, მოწინააღმდეგის სრულად შეკავების კუთხით.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, უკეთესი იქნება, თუ ევროპელებს საკუთარი ძლიერი შესაძლებლობები ექნებათ. მაგრამ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი, ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატები. ეს გადამწყვეტია ევროპული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.
წყარო: 1 არხი