კიევის ცის დაცვაში აშშ-ისა და ნიდერლანდების საჰაერო ძალების ვეტერანებიც მონაწილეობენ. ისინი, უკრაინელ მფრინავებთან ერთად, ირიცხებიან ესკადრილიაში, რომელიც F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებით არის შეიარაღებული და, ძირითადად, რუსულ ფრთოსან რაკეტებსა და რუსულ დრონებს ებრძვის - ამ ინფორმაციას ფრანგული საინფორმაციო პორტალი Intelligence Online ავრცელებს.

მისი რეპორტაჟი საერთაშორისო ქვედანაყოფის შესახებ, რომელიც საიდუმლოების უმკაცრესი დაცვის პირობებში შეიქმნა, უკრაინულმა მედიამ უმალ აიტაცა. პორტალის ცნობით, ესკადრილია ამჟამად გადამწყვეტ როლს თამაშობს კიევის ოლქის დაცვაში, რომელიც რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმების სამიზნეა.

უკრაინელი პილოტებისგან განსხვავებით, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებიან, დასავლელი ვეტერანები უკრაინაში დროებითი კონტრაქტების საფუძველზე საქმიანობენ, რაც ექვსი თვის შემდეგ როტაციას ითვალისწინებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტი, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. პორტალი ასევე იუწყება, რომ ამ პილოტებს, ოფიციალურად, უკრაინაში ოფიცრის წოდება არ აქვთ.

რუსეთის მიზანი მშვიდობის მიღწევა არ არის, განაცხადა კალასმა მიუნხენში (ჩეხურ ენაზე)

F-16 ჰაერში პატრულირებს

ესკადრილია თითქმის ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს „კალიბრისა“ და Ch-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტების, ასევე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შემტევი დრონების წინააღმდეგ. F-16-ები ჰაერში, ხშირად, ღამით პატრულირებენ, რათა მაქსიმალურად გაზარდონ რადარის დაფარვის ზონა და ცაში აღმოჩენილ სამიზნეზე სწრაფი რეაგირების უნარი.

სწორედ მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებაში გამოიხატება დასავლელი ვეტერანების გადამწყვეტი როლი. ავიაგამანადგურებლები Sniper-ის სადაზვერვო და სამიზნე კონტეინერებით არის აღჭურვილი, რომლებსაც, ელექტრო-ოპტიკური და ინფრაწითელი სენსორების დახმარებით, შორ მანძილზე სამიზნეების აღმოჩენა და მათზე თვალის მიდევნება უამინდობის პირობებშიც შეუძლიათ.

პოკროვსკსა და მირნოგრადში ბოლო ბრძოლებია, აცხადებენ ანალიტიკოსები (ჩეხურ ენაზე)

ფრანგული პორტალი, უკრაინის გენერალურ შტაბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ უკრაინულმა ეკიპაჟებმა ტექნოლოგია მხოლოდ ნაწილობრივ აითვისეს, რადგან მათ ასეთ დასავლურ სისტემებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება არ გააჩნიათ.

უცხოელები უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში

გამოცემის ცნობით, უკრაინულ მხარეს იბრძვიან ავღანეთში გამოცდილების მქონე ამერიკელი მფრინავები, რომელთაგან ერთ-ერთი, სულ ცოტა ხნის წინ, ახლო აღმოსავლეთში იყო განწესებული, ხოლო ნიდერლანდელი პილოტები ევროპის საუკეთესო საფრენოსნო სკოლების კურსდამთავრებულები არიან.

თავის მხრივ, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ და პორტალი RBK-Ukraine აღნიშნავენ, რომ 2023 წელს უკრაინის საჰაერო ძალებმა ნება დართეს საჭირო სპეციალიზაციის მქონე უცხოელებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პილოტებად ან ტექნიკოსებად ემსახურათ, თუმცა მაშინ უცხოელი პილოტების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა.

წყარო: 1 არხი