„ბიბისი სპორტის“ ცნობით, 6 რუსი და 4 ბელარუსი პარასპორტსმენი 2026 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე ეროვნული დროშის ქვეშ იასპარეზებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, 2022 წლიდან რუს და ბელარუს სპორტსმენებს ყველა საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალებოდათ. თუმცა, მოგვიანებით, ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივი აკრძალვით შეიცვალა და ზოგიერთ სპორტსმენს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე „ნეიტრალური“ დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მიეცა.
საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა (IPC) „ბიბისი სპორტს“ დაუდასტურა, რომ ორმხრივმა კომისიამ ათი პარასპორტსმენი რუსეთიდან და ბელარუსიდან 2026 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, კერძოდ კი სამთო-სათხილამურო სპორტში, თხილამურებით რბოლასა და პარა-სნოუბორდში საასპარეზოდ მიიწვია.
„IPC-ი ადასტურებს, რომ რუსეთს სულ ექვსი ადგილი გამოეყო: ორი — პარაოლიმპიურ სამთო-სათხილამურო სპორტში (ერთი ადგილი კაცისთვის, ერთი ქალისთვის), ორი - პარაოლიმპიურ თხილამურებით რბოლაში (ერთი კაცისთვის, ერთი ქალისთვის) და ორი - პარაოლიმპიურ სნოუბორდში (ორივე კაცებისთვის)“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბელარუსის ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა კი 4 ადგილი მიიღო, ოთხივე - თხილამურებით რბოლაში (ერთი კაცისთვის და სამი ქალისთვის).
2014 წლის შემდეგ პირველად, რუსეთი პარაოლიმპიურ თამაშებზე თავის სპორტსმენებს ეროვნული დროშის ქვეშ გამოიყვანს. მას შემდეგ თამაშებში მონაწილეობა მათ ორჯერ აეკრძალათ: 2018 წელს ანტიდოპინგური ტესტების გაყალბებაში სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის, ხოლო 2022 წელს - უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.
ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში მიმდინარე წლის 6-15 მარტს გაიმართება.
წყარო: 1 არხი