თანამედროვე პოპკულტურის არენაზე, სადაც ყველაფერი ციფრებსა და მონაცემებს ეფუძნება, ტეილორ სვიფტი უკვე დიდი ხანია, უპირობო გამარჯვებულია. თითქმის ოცწლიანი კარიერის განმავლობაში, მან შეძლო მილიარდერის სტატუსის მოპოვება და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფანების არმიის შეკრება. თუმცა, სვიფტის ამბიციები მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება. მისი უახლესი ალბომი, The Life of a Showgirl, ნათლად აჩვენებს, რომ ტეილორი ახალ, მასშტაბურ აუდიტორიას – ამერიკული ფეხბურთის გულშემატკივრებს უმიზნებს. და როგორც ყოველთვის, მისი სტრატეგია აქაც იდეალურად დაგეგმილია.

ყველაფერი სტრატეგიულად დაიწყო. ახალი ალბომი ტეილორმა New Heights-ის პოდკასტში დააანონსა. შედეგიც შთამბეჭდავი იყო: ეპიზოდს ლაივში 1.3 მილიონმა ადამიანმა უყურა, მაშინ როცა წინა რეკორდი მხოლოდ 141 ათასს შეადგენდა. ეს „კროსოვერი“ გაგრძელდა მუსიკალურ ვიდეოშიც The Fate of Ophelia, სადაც ტეილორი ფეხბურთის ბურთს იჭერს და კელსის საფირმო აღნიშვნას იმეორებს. კადრში ჩნდება რიცხვები 13 და 87, რაც სიმბოლურად 100-ს უდრის – ეს კი სპორტისა და პოპკულტურის შერწყმის იდეალური მეტაფორაა.

ტეილორი ოსტატურად იყენებს ამ შესაძლებლობას და თავის რომანტიკულ ნარატივს ამერიკის  NFL კულტურაში რთავს. ლიგის სპონსორობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო 12-17 წლის გოგონების აუდიტორიამ თამაშების ყურება 50%-ით მოიმატა. თუმცა, საინტერესოა მეორე მხარეც – რა მისცა ლიგამ ტეილორს?

მან შეაღწია ისეთ აუდიტორიაში, რომელიც ადრე მის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი: მამაკაცები, გარეუბნის მაცხოვრებლები და საშუალო კლასის ამერიკელები, რომლებისთვისაც კვირა დღე ფეხბურთთან ასოცირდება. შედეგად, ტეილორის Spotify-ის მსმენელთა რაოდენობა 2.25%-ით, ხოლო TikTok-ის მიმდევრების რიცხვი 5.37%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მამაკაცი მსმენელების მკვეთრი მატება.

დღეს, მუსიკალური ფანობა სპორტული გულშემატკივრობის წესებს იღებს. K-pop-ის კულტურამ დასავლეთს აჩვენა, რომ ფანობა გუნდურობას ნიშნავს. ახლა მუსიკალური ჩარტები სპორტულ სტატისტიკას ჰგავს – ფანები ითვლიან „სტრიმებს“, აკვირდებიან რეიტინგებს და „მტრების“ წინააღმდეგ ერთიანდებიან.

სწორედ ამიტომ, სპორტსა და მუსიკას შორის ზღვარი იშლება. ბიონსე ფორმულა 1-ის რბოლებზე ჩნდება, ედ შირანი და ჯეი-ზი კი სპორტულ კლუბებში წილებს ყიდულობენ. სპორტი არტისტებს სთავაზობს მუდმივ ხილვადობას, რასაც ტრადიციული მუსიკალური ინდუსტრია ვეღარ უზრუნველყოფს. სეზონი გრძელია, თამაშები – ყოველკვირეული, რაც მუდმივ კონტაქტს ნიშნავს აუდიტორიასთან.

ყველაზე საინტერესო ცვლილება მამაკაც აუდიტორიაში მოხდა. ბევრი მამაკაცისთვის ტეილორის გულწრფელი ემოციები თამაშების დროს გადამწყვეტი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, ტეილორ სვიფტი ახერხებს იმას, რაც ბევრისთვის შეუძლებელი ჩანდა – ის აერთიანებს ორ გიგანტურ ინდუსტრიას და არღვევს გენდერულ ბარიერებს, რითაც მისი გავლენა ტოტალური ხდება.

წყარო: Fastcompany    www.marketer.ge