Reuters-ის გამოთვლების მიხედვით, 2026 წლის იანვარში ნედლი ნავთობის წარმოებიდან მიღებული რუსეთის საგადასახადო შემოსავლები შესაძლოა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე $4.72 მილიარდამდე დავიდეს.

ეს მიმდინარე თვესთან შედარებით 16%-იან შემცირებას და 2025 წლის იანვართან შედარებით 55%-იან ვარდნას ნიშნავს.

რუსეთში წიაღისეულის მოპოვების გადასახადის (MET) შემოსავლები ყოველ თვეში 28 რიცხვამდე იკრიბება და წინა თვის ნავთობის წარმოების მოცულობას ასახავს. ნავთობისა და გაზის შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

Reuters-ის გამოთვლების თანახმად, იანვარში MET-ის შემოსავლების შემცირება ძირითადად ნოემბრიდან საერთაშორისო ნავთობის ფასების საშუალო 12%-იანი ვარდნით იქნება განპირობებული.

შემოსავლების მკვეთრ შემცირებას ასევე ხელს უწყობს დეკემბერში აშშ დოლართან მიმართებით რუბლის გამყარება.

დეკემბერში წარმოებული ნედლი ნავთობისთვის Reuters-ის MET-ის გამოთვლები 1–18 დეკემბრის პერიოდში არსებულ მონაცემებს ეფუძნება. MET-ის განაკვეთი მთავრობის მიერ დადგენილი საგადასახადო ფორმულით განისაზღვრება, რომელიც ისეთ ფაქტორებს ეფუძნება, როგორიცაა ნავთობის ფასები და სავალუტო კურსები, რის გამოც გადასახადის ოდენობა ყოველ თვე იცვლება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემების მიხედვით, რომლებსაც გამოცემა РБК გაეცნო, მიმდინარე კვირაში რუსული ნავთობის ძირითადი საექსპორტო სახეობის - Urals-ის მარკის ფასი ბარელზე $34.52-მდე დაეცა. 

საერთაშორისო ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით რუსული ნავთობის ფასის  კლებაზე მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოცემა Bloomberg-იც იუწყებოდა.

ცნობისთვის, 2025 წლის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი თავდაპირველად შედგენილი იყო იმ გათვლით, რომ რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 69 დოლარი იქნებოდა.

tabula.ge