აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს შეწყვეტენ.

ჯერ კიდევ გასულ კვირას კანადის ვაჭრობის მინისტრმა თქვა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი გადასახადების დაწესებაზე უარის თქმას არ აპირებდნენ.

საქმე ისაა, რომ კანადა აწესებს შემოსავლების 3%-იან გადასახადს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კანადელი ინტერნეტმომხმარებლებისგან $15 მილიონზე მეტს გამოიმუშავებენ. ეს გადაწყვეტილება ძალაში 30 ივნისიდან შევა და ბევრ ამერიკულ კომპანიას შეეხება. კანადურ ბაზარზე მოგების 3%-იანი გადასახადის გადახდა მოუწევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა ამაზონი, გუგლი, META, Uber-ი და Airbnb.

"ახლახანს შეგვატყობინეს, რომ კანადამ - ქვეყანა, რომელთან ვაჭრობაც ძალიან რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ფერმერებს რძის პროდუქტზე 400%-იან ტარიფს წლების განმავლობაში უწესებდნენ - ახლახანს გამოაცხადა, რომ აწესებენ ციფრული მომსახურების გადასახადს ჩვენს, ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე რაც არის პირდაპირი და უხეში თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ისინი, ცხადია, ბაძავენ ევროკავშირს, რომელმაც იგივე გააკეთა და ახლა ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ შოკისმომგვრელი გადასახადის საფუძველზე, ჩვენ ვწყვეტთ ყველანაირ საუბარს კანადასთან ვაჭრობაზე, რაც ძალაში ამავე წამიდან შევა. ჩვენ შემდეგ შვიდ დღეში კანადას შევატყობინებთ ტარიფს, რომელსაც გადაიხდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესსაქმიანობისთვის." - დაწერა ტრამპმა.