„ტურიზმის სექტორი აგურს აგურზე ვდებდით, რომ რაღაც დონეზე მიგვეღწია - ჩვენი შრომა, რომელიც ამ სექტორში გავწიეთ უამრავმა ადამიანმა, ქარს გაატანეს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ამას ემატება ისიც, რომ „საგრძნობლად“ არის შემცირებული მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა.

„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი უარესია, ვიდრე 2021 წლის პერიოდი.

„წლევანდელი ტურისტული სეზონი უარესია, ვიდრე 2021 წლის. ნებისმიერ ტურისტულ ადგილას რომ აბრძანდეთ, იქნება ეს რიყე, თბილისის საფეხმავლო ზონები, მცხეთა, ყაზბეგი და ა.შ. საგრძნობლად შეინიშნება მაღალმხარჯევლი ტურისტების რაოდენობის სიმცირე. ამ დროს ეს მიმართულება ჩვენთვის ყოველთვის იყო სტრატეგიული - ვგულისხმობ აშშ-დან, ევროპიდან ავსტრალიიდან, იაპონიიდან და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს. არც არის გასაკვირი, რომ ამ სტუმრების საგრძნობი ნაკლებობაა, რადგან სადაც არ უნდა ვცადოთ საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიება, ძირითადად უარყოფითი ცნობები იძებნება. ეს ყველაფერი ჰპოვებს ასახვას ტურიზმის სექტორზე. ამას ემატება ის უბედურებაც, რომ ორმა ქვეყანამ მოუწოდა სიფრთხილისკენ თავის მოქალაქეებს - საუბარია პოლონეთსა და საფრანგეთზე, ასეთი რამ საქართველოს მიმართ არასდროს მომხდარა“, - აღნიშნავს ცოტნე ჯაფარიძე.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე შემცირებული ევროპელი ტურისტების რაოდენობა.

„ევროპელი ტურისტების რაოდენობა არის მინიმუმამდე დასული. კვარტლის სტატისტიკა რომ ავიღოთ, ტოპ-15 ქვეყანას შორის ერთადერთი ევროპული ქვეყანა არის პოლონეთი. ტურიზმის სექტორი აგურს აგურზე ვდებდით, რომ რაღაც დონეზე მიგვეღწია - ჩვენი შრომა, რომელიც ამ სექტორში გავწიეთ უამრავმა ადამიანმა, ქარს გაატანეს. რომ არ ჩამოდის სტუმარი და შეიმჩნევა მხოლოდ დაბალმახრჯველი ტურისტები, ეს არის ყველაფერი იმის შედეგი, რა პოლიტიკასაც აწარმოებს სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ცოტნე ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, მეორე კვარტლის უცხოელთა ვიზიტების შესახებ სტატისტიკა ჯერ არ განახლებულა. 2025 წლის პირველ კვარტალში კი საქართველოში ევროპიდან 933 040 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 0.3%-იანი ზრდაა. კერძოდ, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ევროპიდან განხორციელებული იყო 930 296 ვიზიტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ TOP-15 ქვეყანას შორის, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მხოლოდ ერთი ევროპის ქვეყანა - პოლონეთი იყო წარმოდგენილი. უფრო კონკრეტულად, პოლონეთიდან 10,165 ვიზიტი განხორციელდა წელს, შარშან პირველ კვარტალში კი 11 734. ეს ნიშნავს, რომ ვიზიტები 13.4%-ით არის შემცირებული.

www.bpn.ge