პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო.
ცვლილებების შედეგად, იცვლება მოსამართლეთა დანიშვნის წესი და იზრდება მათი ხელფასები, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ფართოვდება დაინტერესებული პირის ცნება, იზღუდება სასამართლო სხდომების გაშუქება და სხვა.
კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.
ახლა არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეოგადაღება იკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება.
რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერას, ეს დაიშვება იქნება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.
კანონიდან ამოიღეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობდა სასამართლო პროცესის გადაღების უფლებამოსილებით, ამ უფლებით სარგებლობა შეეძლო სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. კანონში აქამდე ეწერა, რომ თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევდა წილისყრის საფუძველზე.
კანონში შესული ცვლილებებით, სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ვიდეო და აუდიოჩაწერა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლება. ანუ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროცესის გადაღებას არ მოინდომებს, სხვა მედიასაშუალება ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებს. სხვა მედიებს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ამის უფლება აღარ ექნება.
გარდა ამისა, კანონიდან ამოიღეს კიდევ ერთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელი იყო სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა“. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სასამართლოში შესული პირებისთვის პირადი ნივთების ჩამორთმევა შესაძლებელი გახდება.
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება, ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას ვეღარავინ გამოითხოვს.