Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და ჟურნალისტი ლორენ სანჩეზი ვენეციაში სამდღიან საქორწინო წვეულება მართავენ.
იმ ღონისძიების შესახებ, რომელსაც "საუკუნის ქორწილსაც" უწოდებენ, ძირითადი დეტალები, მათ შორის სტუმართა სია და დაგეგმილი აქტივობების ღირებულება, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება, თუმცა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, გთავაზობთ მილიარდერი ბიზნესმენის ქორწილის პროგნოზებსა და მოლოდინებს.
საქორწილო ცერემონიალი და მისი შემადგენელი ნაწილები წყვილს €40-48 მილიონი ევრო დაუჯდებათ - ამის შესახებ ვენეციის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, ლუკა ზაიამ, რეპორტიორებს თავად განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის აღსანიშნავად, ბეზოსი რამდენიმე მსხვილ საქველმოქმედო ფონდში აპირებს თანხის გადარიცხვას. მაგალითად, Amazon-ის დამფუძნებელი €1 მილიონ ევროს გადარიცხავს Corila-ში, აკადემიურ კონსორციუმში, რომელიც ვენეციის ლაგუნას ეკოსისტემას შეისწავლის.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი წვეულება დღეს, ვენეციის ისტორიულ ნაწილში, "ვენეციურ არსენალში" იმართება. წყვილს ქორწილისთვის ამ ადგილის შერჩევა უსაფრთხოებისთვის დასჭირდათ, რადგან ტერიტორია უზარმაზარი კედლებითაა შემოსაზღვრული. არსენალის ტერიტორიაზე მე-15 საუკუნეში ვენეციის რესპუბლიკის საზღვაო ხომალდებს აშენებდნენ.
სტუმართა ნაწილი ვენეციაში კერძო თვითმფრინავის დახმარებით ჩავიდა. ცნობილია, რომ ვენეციასა და მახლობელ აეროპორტებში, ვერონასა და ტრევისოში, 90 კერძო თვითმფრინავს ელოდნენ. ქორწილს დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერიც. ორგანიზატორებმა თავი მოუყარეს 30-მდე წყლის ტაქსისაც, რომლებიც მომსახურებას ქორწილის სტუმრებს გაუწევენ.
როგორც ცნობილია, ცერემონიალისთვის უკვე დაჯავშნილია ქალაქის ხუთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროც, რომლებსაც ჯამურად 200-250 სტუმრის მიღება შეუძლიათ.