ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია: პარასკევს, 26 დეკემბერს ისრაელმა აღიარა სომალილენდი - თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აფრიკის რქის რეგიონში, რომელიც სომალის 1991 წელს, სამოქალაქო ომის შედეგად გამოეყო.

ტუნისის ზომის (ფართობი -176 000 კმ²) მქონე სომალილენდი, უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც დე-ფაქტო სახელმწიფოდ ფუნქციონირებს. მას აქვს საკუთარი ინსტიტუტები, ვალუტა, შეიარაღებული ძალები და პოლიცია. საერთაშორისო აღიარების არარსებობის გამო, იგი კვლავ გარიყულია ისეთი დიდი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორიცაა სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რაც სერიოზულად აფერხებს მის განვითარებას.

და მაინც - ის კონტინენტის სტრატეგიულ ნაწილში მდებარეობს: წითელი ზღვისა და ადენის ყურის გასაყარზე, ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სავაჭრო გზაზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეს სუეცის არხთან აკავშირებს.

ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება იემენს, რომლის სათავეში ძალადობრივი გზით მოსული ჰუსიტი მეამბოხეები ისრაელისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენენ. ამასთან, არსებობს ვარაუდი და ეჭვი, რომ ისრაელი, თავის მხრივ, აქ პალესტინელი მოსახლეობის ნაწილის დეპორტირებას გეგმავს.

სომალილენდი აფრიკის რქის რეგიონში მდებარეობსბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიომაუწყებელი (RTBF) / მელინა ლაურიცენი

მწვავე საერთაშორისო რეაქცია

ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ აღიარებამ სომალის მხრიდან პროტესტის ქარიშხალი გამოიწვია, რომელიც მისი შემადგენლობიდან სომალილენდის გამოყოფას, ცხადია, არ ეთანხმება. სომალის პრეზიდენტმა, ჰასან შეიხ მუჰამედმა ეს აღიარება „სომალის სუვერენიტეტის უდიდეს დარღვევად“ შეაფასა.

ისრაელელების ამბიცია, გამოიყენოს სომალილენტის ტერიტორია, ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა ისლამისტურმა ჯგუფმა „ალ-შაბაბმაც“ გააკრიტიკა. „მაშინ, როცა ისრაელი ისლამური საზოგადოების უდიდესი მტერია, უდიდესი დამცირებაა იმის ყურება, რომ ზოგიერთი სომალელი ისრაელის პრემიერ-მინისტრის აღიარებას ზეიმობს. ჩვენ ამას არ მივიღებთ და შევებრძოლებით“, - განაცხადა „ალ-შაბიბმა“.

სომალილენდის აღიარების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება პალესტინის ადმინისტრაციამაც გამოხატა. მისმა წარმომადგენლებმა გაიხსენეს, რომ ისრაელმა სომალილენდი ადრეც ახსენა, როგორც ღაზიდან პალესტინელების დასაძევებელი ადგილი. ამ საკითხზე რამდენიმე არაბული ქვეყნის დედაქალაქშიც გაამახვილეს ყურადღება.

სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭომ, რომელშიც შედის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი და კატარი, „საერთაშორისო სამართლის პრინციპების სერიოზული დარღვევა და სომალის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფა“ მკაცრად დაგმო.

ეს აღიარება ასევე გააკრიტიკეს ჯიბუტიმ, ეგვიპტემ და თურქეთმა, ისევე როგორც არაბულმა ლიგამ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ და აფრიკის კავშირმა. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის არსებული საზღვრების პატივისცემის პრინციპს და „შექმნის საშიში პრეცედენტის რისკს, რასაც მთელ კონტინენტზე, მშვიდობისა და სტაბილურობის კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“. გაერო-ს უშიშროების საბჭო ამ საკითხის განსახილველად უახლოეს დღეებში შეიკრიბება.

სომალის სუვერენიტეტის პატივისცემის მოწოდებით გამოვიდა ევროკავშირიც.

დაბოლოს - შეერთებული შტატები, რომლის კეთილგანწყობის მოპოვებასაც სომალილენდი ცდილობს, ჯერჯერობით არ აპირებს, ისრაელს მიბაძოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს დონალდ ტრამპი „ნიუ იორკ პოსტთან“ გაკეთებულ კომენტარში. ამერიკელი მოკავშირე ამ საკითხში ისრაელს, თითქოს, არ ეთანხმება, თუმცა ეჭვი მაინც არ გამქრალა: „ჩვენ ამას განვიხილავთ“, - ამბობს ტრამპი და შემდეგ დასძენს: „იციან კი ადამიანებმა სინამდვილეში რა არის სომალილენდი?“.

შეერთებულ შტატებს სტრატეგიული სამხედრო ბაზა „კემპ ლემონიერი“ ჯიბუტიში აქვს განთავსებული და მისი ადგილმდებარეობის შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს.

სტრატეგიული მანევრი ისრაელისთვის

ისრაელისთვის ეს ინიციატივა „აბრაამის შეთანხმებების“ „სულისკვეთებით“ არის გამსჭვალული, რომელმაც ხელი შეუწყო მისი ურთიერთობების ნორმალიზებას რამდენიმე არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის - ბაჰრეინთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და მაროკოსთან.

„ჰუსიტები მართლაც სერიოზული მტრები აღმოჩნდნენ, რომლებიც მოსალოდნელზე უკეთ არიან აღჭურვილნი და მომზადებულები. ისინი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენენ. ამ პირობებში, სომალილენდის აღიარებას ასევე აქვს გეოსტრატეგიული მიზანი: ისრაელს სურს, წითელ ზღვასა და ადენის ყურეს შორის თავისი ფიგურები განალაგოს და ისინი ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს“, - აღნიშნა თავდაცვის უმაღლესი სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა, დიდიე ლერუამ.

ისრაელი სარგებლობს შემთხვევით, რომ შეიქმნას სტრატეგიული პლაცდარმი იემენთან დაპირისპირებისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროს დაარტყას ჰუსიტებს. „ეს კარგია ისრაელისთვის, ისევე როგორც ეგვიპტისთვის, ევროპული ქვეყნებისთვის, ჩრდილოეთ ამერიკისა და შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ეს არის ვარსკვლავების სასურველი განალგება, რომელიც ბევრს ახარებს“, - ამბობს ლერუა.

მამაკაცი სომალილენდის რესპუბლიკის დროშით, ომის მემორიალის წინ. ჰარგეისა, 2024 წლის 7 ნოემბერილუის ტატო / სააგენტო „ფრანს პრესი“

სანაცვლოდ, ისრაელი სომალილენდს, რა თქმა უნდა, მეგობრობას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მაინც - უზარმაზარ ფინანსურ და ტექნოლოგიურ რესურსებს სთავაზობს. სომალილენდის ბერბერას პორტმა, შესაძლოა, დაჩრდილოს ჯიბუტი, რომელიც ამერიკული, ფრანგული და ჩინური ბაზებით არის გადაჭედილი.

სასწორზე დევს სომალილენდის ენერგეტიკული და სასოფლო-სამეურნეო განვითარებაც, რადგან, როგორც დიდიე ლერუა უსვამს ხაზს, ისრაელი ზღვის წყლის გამტკნარების ტექნოლოგიაში მოწინავეა. რეგიონის ყველა ქვეყანა, იმის მიუხედავად, არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს თუ აფრიკის რქის რეგიონში, წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდის. ასეთ პირობებში, ისრაელი ის მოთამაშეა, რომელიც ყველას უნდა, რომ მის მხარეს იყოს.

პალესტინელთა დეპორტირების მგრძნობიარე საკითხი

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის ადგილობრივი მოსახლეობისგან გაწმენდის შესახებ ბუნდოვნად ისაუბრა, სომალილენდი ხშირად სახელდება, როგორც ანკლავიდან დეპორტირებულების პოტენციურად მასპინძელი ქვეყანა.

გაზეთმა „იერუსალიმ პოსტმა“ ჯერ კიდევ იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა სომალილენდის ვარიანდს, მაროკოსა და პუნტლენდთან (სომალის ავტონომიური რეგიონი) ერთად. რამდენიმე კვირის შემდეგ კი, სააგენტო „ასოშიეითიდ პრესმა“ სომალილენდი სომალისა და სუდანის გვერდით მოიხსენია, ხოლო „ფაინენშალ თაიმსმა“ ღაზელების გადასახლების გეგმა საკონსულტაციო ჯგუფ „ბოსტონ კონსალტინგთან“ დააკავშირა.

მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები, რომლებიც სომალილენდის აღიარებას ღაზის მოსახლეობის დეპორტირების კონტექსტში მოიხსენიებენ, 21-მა სახელმწიფომ, ძირითადად არაბულმა ქვეყნებმა, გარდა იმისა, რომ დაგმო „პალესტინელი ხალხის მათი მიწებიდან იძულებით გაძევების მცდელობები“, ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისრაელის ასეთი ნაბიჯი აფრიკის რქისა და წითელი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის „მძიმე შედეგების“ მომტანი იქნება.

ქვეყნები, რომლებსაც ნაკლები არჩევანი აქვთ

აფრიკის რქის რეგიონის ქვეყნებში პალესტინელი მოსახლეობის გადაადგილების საკითხი სერიოზულ მიდგომას და განხილვას მოითხოვს. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიც სუდანი, სომალი და სომალილენდია, რადგან ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც, ძალთა ბალანსის თვალსაზრისით, მოლაპარაკებების პროცესში ნაკლები არჩევანი აქვთ. „გარდა ამისა, ადგილობრივი ძლიერი მმართველების სუსტმა პოზიციამ პალესტინელთა მეტ-ნაკლებად იძულებითი მიგრაციისმ სცენარს, შესაძლოა, გზა გაუკაფოს“, - ამბობს დიდიე ლერუა.

რეალისტურია თუ არა ეს სცენარი? დიდიე ლერუა გაურკვევლობებსა და რისკებზე ამახვილებს ყურადღებას: „ისრაელისთვის ეს მაინც ძნელად მისაღწევ მიზნად რჩება, რადგან ეს კიდევ ერთხელ გამოიწვევს საერთაშორისო აღშფოთებას, განაახლებს დემონსტრაციებს და გაახანგრძლივებს ისრაელის დიპლომატიურ იზოლაციას. ამავე დროს, ცხადია, რომ ზეწოლის ყველა ამ ფორმას ისრაელი უკვე შეეგუა. ამიტომ, გარკვეული დაშვებებით, სცენარი მაინც რეალისტურად უნდა მივიჩნიოთ“.

წყარო: 1 არხი