თვითკონტროლის გასაუმჯობესებლად და ამ მდგომარეობასთან გასამკლავებლად, ექსპერტები ურჩევენ, გადახედონ ძილის წინ ჩვევებს.
მოწყენილობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ემოციურ მდგომარეობაზე, არამედ ძილის ხარისხზეც, – ამ დასკვნამდე მივიდა კვლევითი ჯგუფი, რომელსაც ვატერლოოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეიმს დანკერტი ხელმძღვანელობდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქრონიკული მოწყენილობისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან ძილის დარღვევებს.
კვლევაში 565 ადამიანი მონაწილეობდა. ორ ექსპერიმენტში მკვლევრებმა შეისწავლეს მათი დაძინების ჩვევები, დაძინების გადადებისკენ მიდრეკილება, აკვიატებული ფიქრები და ძილის ჰიგიენა. მკვლევრებმა ასევე გაითვალისწინეს მონაწილეთა თვითკონტროლის დონე და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.
აღმოჩნდა, რომ მოწყენილობისადმი მიდრეკილება ძილის ცუდი ხარისხის პროგნოზირებას ნიშნავდა, თუმცა ეს არ მიუთითებდა დაძინების დროის გადადების ჩვევაზე. ავტორების თქმით, ქრონიკული მოწყენილობის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვითკონტროლის სირთულეები ასევე მოქმედებს დასვენების რეგულირების უნარზე.
„ადამიანების უმეტესობისთვის მოწყენილობა შეიძლება მოქმედებისკენ მოწოდება იყოს. თუმცა, ქრონიკული მოწყენილობისგან დაავადებულებს ძალიან უჭირთ რაიმეს კეთების დაწყება. ამან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგების მთელი რიგი - დეპრესიისა და შფოთვის გაზრდილი რისკიდან დაწყებული, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებით, პრობლემური აზარტული თამაშებით და სმარტფონების ჭარბი გამოყენებით დამთავრებული“, - განმარტა დანკერტმა.
მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს ონლაინ რეჟიმში დროის გატარების და დაძინებამდე სმარტფონის გამოყენების ჩვევა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დაარღვიოს ძილის რეჟიმი. თვითკონტროლის გასაუმჯობესებლად და მოწყენილობის მნიშვნელოვან აქტივობად გარდაქმნის სწავლისთვის, მეცნიერები ურჩევენ რეგულარული ძილის გრაფიკის დაცვას და საღამოს კოფეინისა და ეკრანთან გატარებული დროის თავიდან აცილებას.