"ჩვენს ბაზარზე მაღაზიების რაოდენობით კონკურენციის ზრდის ეტაპი დასრულებულია და ახლა პროდუქტიულობითა და ეფექტურობით კონკურენციის ეტაპზე ვართ", - ამის შესახებ Daily Group-ის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორმა ვანო მესტიაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, Daily Group საქართველოს საცალო ვაჭრობისა და FMCG სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექვს საცალო ქსელს აერთიანებს: „დეილი“, „სპარი“, „მაგნიტი“, „გვირილა“, „იოლი“ და „კალათა“.

მან რიტეილ სექტორზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიები ხარჯების ზრდის დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ და ფასებში არ ასახავენ.

"სწორედ ის გამოწვევა, რომ ამ ბიზნესის მოგებიანობა მცირდება, გვიბიძგებს ვეძებოთ მეტი გზა, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ძირითადი დარტყმები, თუნდაც ლოგისტიკური ხარჯების ზრდის, საკუთარ თავზე ავიღოთ და ფასებში არ ავსახოთ. ეს კარგად იკვეთება იმაშიც, რომ საქართველოში სასურსათო ინფლაცია დღეს ბევრად დაბალია, ვიდრე ზოგადად საშუალო ინფლაცია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ, რიტეილერები, ამ დარტყმას პირველ რიგში საკუთარ თავზე ვიღებთ.

ჩვენ, მსხვილ რითეილერებს, ნამდვილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეულ საკითხებში მეტი ინვესტიცია ჩავდოთ და ბაზრის ტენდენციებზე წინ ვიყოთ. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, ეს გამოცდილება გავაზიაროთ და სხვებსაც მივცეთ საშუალება, ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება",- ამბობს ვანო მესტიაშვილი.

კითხვაზე, როგორი ფაქტორია ინფლაცია ბიზნესისთვის, ის განმარტავს, რომ ინფლაცია კომპანიებს უბიძგებს პროდუქტიულობის ზრდაზე იზრუნონ.

"[ინფლაციას] როგორც მოცემულობას, ისე ვუყურებთ. ბიზნესში რთულია რაღაცას კარგი ან ცუდი დაარქვა - ეს არის მოცემულობა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. შესაბამისად, ეს გვიბიძგებს, ვეძებოთ პროდუქტიულობის ზრდის მეტი შესაძლებლობა, გავხდეთ უფრო ეფექტურები, დავზოგოთ ხარჯები, უკეთესი შეთავაზება გავუკეთოთ მომხმარებელს და მსგავსი დარტყმები საკუთარ თავზე ავიღოთ, რათა ნაკლებად აისახოს ფასებზე. ამიტომ დადებითად ან უარყოფითად ვერ შევაფასებდი - უბრალოდ გვეძლევა შესაძლებლობა, ეს გამოწვევები კონკურენტულ უპირატესობაში გადავთარგმნოთ", - აღნიშნა ვანო მესტიაშვილმა.

კითხვაზე, დარტყმების საკუთარ თავზე აღება რამდენად უკავშირდება ფასების საპარლამენტო კომისიის მუშაობასა და Ekalata-ს შექმნას, თუ ბიზნესი იმთავითვე ასე მოქმედებდა, ვანო მესტიაშვილი ასე პასუხობს: "კომისიის დასკვნამ ცალსახად აჩვენა, რომ ფასებთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი ლოგისტიკური ჯაჭვის არაეფექტურობა, ლოგისტიკური ხარჯები და იმპორტდამოკიდებულებაა. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ამ მიმართულებით დიდ ინვესტიციებს, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები ამ ფაქტორებზე და მეტად ეფექტურები გავხდეთ.

ზოგადად, ბოლო წლების ტენდენციაა, რომ მომხმარებელი ყოველდღიურად უფრო და უფრო ინფორმირებული ხდება. ჩვენ ამას არა როგორც გამოწვევას, არამედ როგორც შესაძლებლობას ვუყურებთ. ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ბრენდებით სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებას ვუკეთებთ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომხმარებლის ინფორმირებულობა ჩვენთვის კონკურენტულ უპირატესობაში გადასათარგმნი შესაძლებლობაა. გვიხარია, რომ მომხმარებელი მეტად ინფორმირებულია და შეუძლია მარტივად შეადაროს სხვადასხვა შეთავაზება ერთმანეთს", - განაცხადა Daily Group-ის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორმა.

bm.ge