საქართველოში სამედიცინო პერსონალის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, დაბალი ანაზღაურება და მძიმე შრომითი პირობები კი კადრების დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებს. მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი ამირანაშვილის შეფასებით, ქვეყანა სამედიცინო კოლაფსის ზღვარზეა.

ამის შესახებ მან რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ექთნის მინიმალური ანაზღაურება საათში 4.4 ლარია, თუმცა ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში დამსაქმებლები ამ თანხასაც სრულად არ უხდიან დასაქმებულებს.

„ექთნის მინიმალური ხელფასი გახლავთ 4.4 ლარი საათში, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ გადაუხადოს მინიმუმ ეს თანხა. ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში ექთნებს ამაზე მეტი ხელფასი ჰქონდათ, არიან დამსაქმებლები, რომლებიც 4.4 ლარს სრულად უნაზღაურებენ, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ამ თანხას 22%-ს აკლებენ და ხელზე ასაღები ხელფასი საათში გამოსდით 3.5 ლარი. შედეგად, როდესაც ექთანს უნდა აეღო მინიმუმ 792 ლარი, უწევს 600 ლარამდე აღება. 4.4 ლარიც არ არის საკმარისი, არც ერთმა ექთანმა არ იფიქროს, რომ ამით ჩვენ კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა ამირანაშვილმა.

მისივე განმარტებით, დაბალი ანაზღაურების გამო სამედიცინო პერსონალს ხშირად რამდენიმე სამსახურში უწევს მუშაობა, რაც მომსახურების ხარისხზეც აისახება.

„ახლა ხარისხზეც ვისაუბროთ, 24 საათი რომ მორიგე ექთანი ხარ, მეორე დღეს გიწევს სხვა სამსახურში წასვლა, ვხვდებით ხომ რასთან გვაქვს საქმე? ეს მათ არ ეხალისებათ, მაგრამ უწევთ ასეთი რეჟიმით მუშაობს. ეს აისახება როგორც თავად მათ ჯანმრთელობაზე, ასევე გაწეული მომსახურების ხარისხზე. 2025 წლისთვის დაახლოებით 21 ათასი ექთანი ჰყავდა ჩვენს ქვეყანას, ყოველწლიურად მცირდება ეს მაჩვენებელი. რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ სამედიცინო კოლაფსი დაიწყება-მეთქი, ყოველწლიურად ექიმების, ექთნებისა და სანიტრების რაოდენობა მცირდება, ბებიაქალები აღარ გვყავს. უკვე ვართ ამ კოლაფსის ზღვარზე“, - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.