შპს „ჯეოგაზიფიკაციის“ ხელმძღვანელის, კახა გიორგაძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, გაზის დეტექტორებზე მოთხოვნა დაახლოებით 200%-ით გაიზარდა.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიის მომხმარებლების 95% ახალი კორპუსების მცხოვრებლები არიან.
„წინა წელთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით 200%-ით გაიზარდა. წელს ძალიან ბევრი გაიყიდა. ახალკორპუსებში ყველგან საჭიროა გაზის დეტექტორი. მე უფრო ბიზნესგაყიდვებზე ვარ ორიენტირებული, თუმცა ფიზიკურ პირებსაც ვთავაზობთ. ბიზნესგაყიდვები დაახლოებით 85-90%-ს შეადგენს, დანარჩენი კი ფიზიკური პირები არიან. ჩვენი მომხმარებლების 95% ახალი კორპუსების მცხოვრებლები არიან, რადგან მის გარეშე გაზი არ ირთვება. ძველ კორპუსებში გაზი, ძირითადად, უკვე ჩართულია და გაზის დეტექტორიც ნაკლებად აინტერესებთ“, - განაცხადა კახა გიორგაძემ.
მისი თქმით, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შემდეგ გაყიდვების ბუმი 2-3 კვირა გრძელდება, შემდეგ კი მოთხოვნა სტაბილურდება.
გარდა ამისა, კახა გიორგაძის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები თვითნებურად თიშავენ გაზის დეტექტორს, რაც დაუშვებელია.
„გაზის დეტექტორი აუცილებელია ბინაში გაზიფიცირებისთვის, მაგრამ შემდეგ ხდება მისი თვითნებურად გათიშვა, რაც მიუღებელია. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი დეტექტორს დენიდან თიშავს და კარადაში ინახავს. დახურულ სივრცეში კი დეტექტორი გაზის სუნს ვერ აღიქვამს მანამ, სანამ ის ძალიან არ დაგროვდება.
როდესაც დეტექტორი გაზის სუნს იგრძნობს, ავტომატურად თიშავს მრიცხველს და ბინაში გაზი საერთოდ აღარ შედის. დეტექტორი სწორად უნდა იყოს დამონტაჟებული. ის უნდა იყოს დაახლოებით 20-30 სმ-ით დაშორებული. აუცილებელია, ღია სივრცეში, სამზარეულოსთან ახლოს იყოს განთავსებული, გაზქურიდან მეტრ-ნახევრის დაშორებით. თუ „კარმაა“, მისგანაც დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით უნდა დამონტაჟდეს. „კარმა“ ფეთქებადი დანადგარია და უფრო საშიშია. გაზის დაგროვების რისკიც მასთან უფრო მაღალია, ვიდრე გაზქურასთან“, - განაცხადა კახა გიორგაძემ.
მისი თქმით, საქართველოში არსებული პროდუქცია ძირითადად ჩინეთიდან არის იმპორტირებული და მისი ღირებულება 35-დან 75 ლარამდე მერყეობს.
„საქართველოს ბაზარზე ძირითადად ჩინური დეტექტორები გვაქვს. არის თურქულიც, მაგრამ ჩინური სჯობს. პირადად ჩინური შემომაქვს, რადგან უფრო ხარისხიანი და უსაფრთხოა. მთავარია, გაზის დეტექტორი რამდენად სწრაფად აფიქსირებს გაზის სუნს. დეტექტორი, რომელსაც ჩვენ ვყიდით, მუშაობს როგორც თხევად გაზზე, ისე ბუნებრივ აირზე. დამონტაჟების შემდეგ ის მალევე აფიქსირებს გაჟონვას, დაახლოებით 10 წამში შეუძლია დაგროვილი გაზის აღმოჩენა. არსებობს ისეთი დეტექტორიც, რომელიც მაჩვენებელს პროცენტულად აჩვენებს, თუმცა ძვირია და ბევრი არ ყიდულობს“, - განაცხადა კახა გიორგაძემ.
მისი თქმით, კომპანიას მონტაჟის სერვისიც აქვს.
შპს „ჯეოგაზიფიკაციის“ დირექტორის შეფასებით, უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, გაზის დეტექტორი ყველა კორპუსში იყოს დამონტაჟებული.
„ჩემი აზრით, გაზის დეტექტორი ყველა კორპუსში უნდა იყოს, რადგან ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, თანხაც არ უნდა დაზოგონ, რადგან დღეს შეიძლება გაზი გქონდეს და ხვალ აღარაფერი. გაზის დეტექტორი აუცილებელია არა მხოლოდ პირადი, არამედ გარშემო მყოფების უსაფრთხოებისთვისაც“, - განაცხადა კახა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.