რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ყაზახეთში 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა. ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ცნობებით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა "მწუხარება გამოხატა" 25 დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, როდესაც აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია.
აქამდე კრემლში ინფორმაციას, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია, არ ადასტურებდნენ. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ გამოძიების დასრულებამდე ხალხი "რაღაც ჰიპოთეზებზე" არ უნდა საუბრობდეს.
25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა.
ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა წყარომ Reuters-თან საუბარში თქვა, რომ, გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავი Панцирь-С-ის ჰსთ სისტემის რაკეტამ დააზიანა. რეისის კომუნიკაციების პარალიზება კი ელექტრონულო ბრძოლის მეთოდებით მოხდა, როცა ის გროზნოს უახლოვდებოდა.
"არავინ ირწმუნება, რომ ეს განზრახ გააკეთეს. თუმცა, დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ბაქო რუსული მხარისგან ელის აღიარებას, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს." - თქვა წყარომ.
დანარჩენმა სამმა წყარომ დაადასტურა, რომ გამოძიების წინასწარი შედეგებით თვითმფრინავის ჩამოგდება რუსულმა ჰსთ-მ გამოიწვია.
იგივე ცნობები რუსული რაკეტის შესახებ 25 დეკემბერს გაავრცელა Euronews-მაც.
წყარო: ტაბულა