რუსეთის თავი ისე უჭირავს, თითქოს, უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაზე ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და კომპრომისის მიღწევას ტერიტორიულ საკითხებზეც კი ცდილობს. თუმცა, კრემლის განკარგულება საპირისპიროს მეტყველებს - მოსკოვის ახალი დირექტივა უკრაინის ოკუპირებული მიწების რუსიფიკაციის გაძლიერებას ითვალისწინებს. ასე რომ, „ტერიტორიული დათმობების“ ნაცვლად, რისიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძალიან სჯერა, კრემლი იმპერიალისტური სულისკვეთებით ზეიმობს უკრაინის რეგიონების მიტაცებას, რომლებსაც ის „ისტორიულ რუსულ მიწებად“ მოიხსენიებს.

განკარგულებას, რომელშიც 2036 წლამდე რუსეთის „სახელმწიფოს ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიაა“ ჩამოყალიბებული, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას მოაწერა ხელი. ის მომავალი წლის დასაწყისიდან შევა ძალაში. დუკუმენტი ხელისუფლებას არაერთ კონკრეტულ მიზანს უსახავს. მაგალითად, მოითხოვს, რომ 2036 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 95 პროცენტი თავს რუსად უნდა მიიჩნევდეს.

სტრატეგია არ ეხება მხოლოდ რუსეთს, სადაც თითქმის 200 სხვადასხვა ეროვნებისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს. ის ასევე მოიცავს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის ოთხ სხვა ოკუპირებულ რეგიონს - დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონსა და ზაპოროჟიეს.

„დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლი უკრაინელების რუსიფიკაციას აგრძელებს. ასეთი მიდგომა არის უკრაინული იდენტობის განადგურების სისტემური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც „მრავალეთნიკური ხალხის ერთიანობის“ ლოზუნგით ხორციელდება“, - ასე აფასებს პუტინის განკარგულებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი, რომელიც უკრაინის უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებაშია.

პუტინის განკარგულებაზე მსგავსი კომენტარი ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამაც გააკეთა. „დოკუმენტი ადასტურებს რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარებას, რომელიც სუვერენული უკრაინის ტერიტორიის მცხოვრებლებს რუსულ ენას, იდენტობასა და კულტურას ახვევს თავს. ეს მიდგომა არის რუსეთის დიდი ხნის მცდელობის ნაწილი, ძირფესვიანად აღმოფხვრას უკრაინული ენა და ლეგიტიმაცია დაუკარგოს უკრაინულ სახელმწიფოებრიობას“, - ნათქვამია ბრიტანული სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.

რუსული, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ერის ენა“

განკარგულებაში მეორდება მტკიცება, თითქოს, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია ამ ქვეყნის რუსულენოვან მოსახლეობას უკრაინის „ნეონაცისტური“ ხელმძღვანელობის „ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაციისგან“„ათავისუფლებს“.

დოკუმენტი რუსულ ენას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს „საერთო რუსული სამოქალაქო იდენტობის გაძლიერების“ საქმეში. ამაში იგულისხმება იმ ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც თავს რუსებად მიიჩნევენ. სტრატეგიის თანახმად, რუსული არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ „სახელმწიფოს შემქმნელი ერის [რედ. - ანუ კრემლის გაგებით, რუსების] ენაა“.

ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე მოსკოვი სისტემატურად ავიწროებდა უკრაინულ ენას და ახლახან სკოლებში უკრაინული ენის სრული აკრძალვა დაამტკიცა.

რუსულენოვანი პირი არ ნიშნავს პრორუსს. კრემლმა ეს ვერ გაიგო, თუმცა მისი აგრესია უკრაინულ ენას წაადგა (ჩეხურ ენაზე)

ოკუპირებული უკრაინული მიწების ჩართვა „საერთო რუსულ აქტივობებში“

სტრატეგია ასევე ფოკუსირებულია ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციაზე და მოითხოვს ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების ჩართვას „სრულიად რუსეთის მასშტაბით გასამართ კონკურსებსა და ღონისძიებებში“. ესეც გრძელვადიანი ტენდენციაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ბავშვების მილიტარიზაციაში, აგრეთვე რუსეთში მათ გატაცებაში ვლინდება.

განკარგულების თანახმად, 2036 წლისთვის რუსეთსა და ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებში გამართული ეთნოკულტურული ღონისძიებების ნახევარი რუსული კულტურის პოპულარიზებას უნდა ემსახურებოდეს. ამასთან, ამ რეგიონების, სულ მცირე, 2,5 მილიონ მცხოვრებს „სრულიად რუსეთის“ ღონისძიებებში უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის იმჟამინდელი მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დაახლოებით ექვსი მილიონი უკრაინელი რჩება, რომელთა შორის 1,5 მილიონი ბავშვია.

განკარგულება მოითხოვს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ეროვნული პოლიტიკის განმახორციელებელი“ ორგანოების შექმნას, ასევე ტერიტორიების ინტეგრაციას რუსეთის „სამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და საინფორმაციო სივრცეში“.

ტრამპს რუსეთის მხრიდან „დათმობების“ სჯერა. კრემლი შეთანხმების შესაძლებლობას ვერ ხედავს (ჩეხურ ენაზე)

ბრძოლა „ნეონაცისტებისა“ და „რუსოფობიის“ წინააღმდეგ

განკარგულებაში რუსეთი „ცალკე სახელმწიფო-ცივილიზაციად“ არის მოხსენიებული. დოკუმენტის თანახმად, რუსული საზოგადოება, რომელშიც უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაც მოიაზრება, „საერთო კულტურული (ცივილიზაციური) კოდით არის გაერთიანებული“. დოკუმენტი „მაკონსოლიდირებელ როლს“ რუსებს ანიჭებს, რომლებსაც განკარგულება „სახელმწიფოს შემქმნელ ერად“ მოიხსენიებს.

სტრატეგიაში ასევე ჩამოთვლილია რისკები, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. მათ შორის სახელდება „ნეონაციზმი“, რომლებსაც ოპონენტებს მიაკუთვნებენ, და „რუსოფობია“, რაშიც კრემლის კრიტიკოსებს ედებათ ბრალი. „ნეონაციზმთან“ ერთად, სწორედ „რუსოფობიას“ მიაწერს მოსკოვი მის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას.

დოკუმენტში ნახსენები უსაფრთხოების კიდევ ერთი რისკი არის მეორე მსოფლიო ომის „ისტორიის დამახინჯება“, რაშიც მოსკოვი მოიაზრებს „ომის დაწყებაში საბჭოთა კავშირის მონაწილეობას“, ასევე „ომის შემდგომ გათავისუფლებული ქვეყნების საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებაზე ყურადღების გამახვილებას“.

ნაციზმზე გამარჯვება კრემლისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლებაა (ჩეხურ ენაზე)

რუსეთს დემოკრატიულ ქვეყნად სურს თავის მოჩვენება

ამის საპირისპიროდ, კრემლის სტრატეგია რუსეთის ხელისუფლებისგან საზღვარგარეთ ქვეყნის „ობიექტური“ იმიჯის შექმნას ითხოვს. მოსკოვის იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსული დიქტატურა საზღვარგარეთ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ აღიქმებოდეს.

სტრატეგიის მიერ დასახული კიდევ ერთი კონკრეტული ამოცანა ის არის, რომ 2036 წლისთვის ადამიანების არანაკლებ 85% ქვეყანაში არსებულ ეთნიკურ ურთიერთობებს დადებითად აფასებდეს, ხოლო მოსახლეობის სულ ცოტა 90% არ ამბობდეს, რომ ეთნიკური ან ენობრივი ნიშნით დისკრიმინაციას განცდის.

რუსეთის წინადადება ომის დასრულების შესახებ - მას ყველაფრის მიღება სურს (ჩეხურ ენაზე)

ფსევდოისტორიული მანიპულაციები

რუსი ერის როლის გაძლიერების გარდა, სტრატეგიის თანახმად, ეროვნული ინტერესი ასევე დაცული უნდა იყოს „ტერიტორიული მთლიანობის“ შენარჩუნების გზით.

უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და არასრულად განხორციელებულ ანექსიას მოსკოვი აღიქვამს, როგორც „ისტორიული ტერიტორიების რუსეთთან გაერთიანებას“.

ეს თეზისი საფუძვლად უდევს ერთ-ერთ მთავარ ფსევდოისტორიულ მითს, რომლითაც რუსეთი ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და უარყოს უკრაინის არსებობის უფლება. ამ შემთხვევაში, „ისტორიულ რუსულ ტერიტორიად“ მინიმუმ ის ტერიტორიები მოიაზრება, რომლებიც ადრე კიევის რუსეთს ეკუთვნოდა. შუა საუკუნეებში არსებული, რამდენიმე სამთავროსგან შემდგარი ეს თავისუფალი გაერთიანება, რომლის ცენტრიც კიევი იყო, ძირითადად, დღევანდელი უკრაინის, ბელარუსისა და დასავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

რუკები უკრაინის მრავალფეროვნებას და მისი გამყოფი ხაზების სირთულეს ადასტურებს (ჩეხურ ენაზე)

დღევანდელი რუსეთი პრეტენზიას აცხადებს ამ ისტორიული ერთეულის მთელ ტერიტორიაზე, რის გამოც განკარგულება უკრაინის რეგიონების ოკუპაციას „ისტორიული ტერიტორიების რუსეთთან გაერთიანებას“ უწოდებს.

„დოკუმენტში ამ სუვერენული უკრაინული ტერიტორიების „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიებად“ მოხსენიება ხაზს უსვამს უკრაინის დამორჩილებისკენ მიმართული რუსეთის ამჟამინდელი მცდელობების აშკარად იმპერიალისტურ ხასიათს“, - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

უკრაინა ლენინს არ გამოუგონია და ყირიმი ყოველთვის რუსული არ ყოფილა. კრემლი ომს ისტორიით მანიპულირებითაც აწარმოებს (ჩეხურ ენაზე)

წყარი: 1 არხი