პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, განაცხადა, რომ სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ანტონიო ხოსე სეგურომ პირველ ტურში ხმების 31.1%-ი მიიღო, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, Chega-ს ლიდერმა ანდრე ვენტურამ კი - ხმების 23.5%-ი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 თებერვალს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა პორტუგალიის ისტორიაში 1986 წლის შემდეგ, როცა მეორე ტური გახდა საჭირო.
დასავლური მედია წერს, რომ პორტუგალიის მომავალ პრეზიდენტს ქვეყნის მართვა პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მოუწევს: ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში სამი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პორტუგალიაში პრეზიდენტის თანამდებობა, ძირითადად, ცერემონიალური ხასიათისაა, თუმცა მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაც აქვს, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, პარლამენტის დათხოვნის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და კანონმდებლობაზე ვეტოს დადების.