პოლონელების უმრავლესობას არ სურს, მონაწილეობა მიიღოს სავალდებულო სამხედრო სწავლებაში, რისი ინიციატივითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გამივიდა. ასეთია საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ორგანიზაცია IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, რომელიც გაზეთმა „რეჩპოსპოლიტამ“ გამოაქვეყნა.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას სამხედრო სწავლებაში, რესპონდენტთა 52-მა პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა, 41-მა პროცენტმა - დადებითი, ხოლო 6 პროცენტს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

გამოკითხვის თანახმად, სამხედრო მომზადების საკითხი პარტიულ კუთვნილებასთან კავშირში არ არის - როგორც მმართველი კოალიციის, ისე კონსერვატიული ოპოზიციის მხარდამჭერები თანაბრად იყვნენ სკეპტიკურად განწყობილნი.

წინააღმდეგობა, სხვებზე მეტად, ქალებმა, 50 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა და „Z თაობის“ წარმომადგენლებმა გამოხატეს, ხოლო ამ იდეას, უფრო მეტად, საშუალო ზომის ქალაქების მცხოვრებლები და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები უჭერენ მხარს.

სამი თვის წინ ტუსკმა გაახმოვანა საერთო ეროვნული პროგრამა, რომელიც პოლონეთის სარეზერვო ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, მაგრამ მთავრობას ჯერ არ დაუკონკრეტებია, როგორ ან როდის ჩატარდება სწავლება.

თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ზომა პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხო ნაბიჯი იქნება.

წყარო: 1 არხი