ოთხშაბათს, 18 ივნისს, ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართა და ოფიციალური ვარშავა ჰაერის უკანონოდ დაბინძურების საკითხებზე ეროვნულ სასამართლოებში შეტანილი სარჩელების დაბლოკვასა და სასმელი წყლის უფრო მკაცრი სტანდარტების მიღების ვადის გადაცდენაში დაადანაშაულა.
ევროკომისია აცხადებს, რომ პოლონელ მოქალაქეებსა და გარემოსდაცვით ჯგუფებს არ აქვთ „მართლმსაჯულებასთან ეფექტური წვდომა“, რადგან ისინი ჰაერის ხარისხის არაადეკვატური გეგმებს ან ასეთი გეგმების საერთოდ არარსებობას ეროვნულ სასამართლოებში ვერ ასაჩივრებენ.
ასეთი გეგმები სავალდებულოა ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც ევროგაერთიანების მიერ დადგენილ ჰაერის დაბინძურების ლიმიტებს არღვევს.
„სასამართლოზე სათანადო წვდომა ჰაერის ხარისხის შესახებ კანონების აღსრულებას აადვილებს და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას იცავს“, - განაცხადა ევროკავშირმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ არსებული დარღვევის შესახებ საქმე 2020 წელს სწორედ მან აღძრა და 2022 წლის სექტემბერში პოლონეთს გაფრთხილება ოფიციალურად გამოუცხადა.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში საქმის წაგებამ შეიძლება პოლონეთის დაჯარიმება გამოიწვიოს.
2020 წლის მეორე მიმართვაში, ბრიუსელმა პოლონეთი სასმელი წყლის ხარისხის შესახებ გაცემული დირექტივის შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა, რომელიც ამკაცრებს დაბინძურების ნორმებს, ითხოვს მკაცრ კონტროლს მიკროპლასტიკებსა და ქიმიკატებზე, რომლებიც ადამიანის ენდოკრინულ სისტემას ანგრევენ და კომუნალურ კომპანიებს წყალმომარაგების ქსელში გაჟონვებთან ბრძოლის გამკაცრებას ავალდებულებს.
ეს წესები ევროკავშირის ქვეყნებს 2023 წლის იანვრამდე უნდა დაენერგათ; ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ვარშავამ „არასაკმარისი“ ძალისხმევა გასწია.
ბოლო წლებში, პოლონეთი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას შეეჯახა, სასამართლოს დამოუკიდებლობიდან დაწყებული და ჩამდინარე წყლების გაწმენდის საკითხით დამთავრებული.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"