შეიარაღებული დაპირისპირების გამო, პაკისტანმა ავღანეთთან დამაკავშირებელი სასაზღვრო პუნქტები დახურა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დახურულია პაკისტანის ორი მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ავღანეთთან, ტორხამსა და ჩამანში, ასევე, სულ მცირე, სამი მცირე გამშვები პუნქტი: ხარლაჩი, ანგურ ადდა და გულამ ხანი.
ქაბულს საზღვრის დახურვასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
ზღვაზე გასასვლელის არმქონე ავღანეთს პაკისტანთან 2 600 კმ-ის სიგრძის საზღვარი აქვს. პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, პაკისტანის საჰაერო დარტყმები ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ ლიდერის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა გაურკვეველია, გადარჩა თუ არა ის.
დასავლური მედიის შეფასებით, „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანი“ იბრძვის ისლამაბადის მთავრობის დამხობისა და მისი მკაცრად ისლამური მმართველობის სისტემით ჩანაცვლებისთვის.
დღეს თალიბებმა განაცხადეს, რომ თავდასხმები კატარისა და საუდის არაბეთის მოთხოვნით შეწყვიტეს.
„ავღანეთის ტერიტორიის არცერთ ნაწილში არანაირი საფრთხე არ არსებობს. ისლამური საამირო და ავღანეთის ხალხი დაიცავს თავის მიწას. თავდაცვის ამ საკითხში მტკიცედ და ერთგულად გააგრძელებს მოქმედებას“, – განაცხადა „თალიბანის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
კატარის და საუდის არაბეთის შუამავლობით, ავღანეთს და პაკისტანს შორის სასაზღვრო შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატარისა და საუდის არაბეთის მოთხოვნით ავღანეთმა შეწყვიტა თავდასხმები. სპარსეთის ყურის ორმა არაბულმა ქვეყანამ შეტაკებებთან დაკავშირებით შეშფოთების განცხადებები გაავრცელა.
11 ოქტომბერს გვიან ღამით, ავღანეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს კვირის დასაწყისში ავღანეთში პაკისტანის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ მოხდა. ქაბულმა განაცხადა, რომ 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლა. თავის მხრივ პაკისტანში აცხადებენ, რომ 200-ზე მეტი ავღანელი მებრძოლი მოკლეს.
„ავღანეთის მეგობრებმა, კატარმა და საუდის არაბეთმა განაცხადეს, რომ ომი უნდა შეწყდეს, ამიტომ ომი ჩვენი მხრიდან შეწყდა და სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვინდა. ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს შაბათს ღამით ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს. და ცხადია, ჩვენ ფრთხილად ვართ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს. ომი პაკისტანის ტერიტორიაზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა, ამიტომ მათ თავად უნდა აკონტროლონ ეს მებრძოლები. ჩვენ მოვახერხეთ ავღანეთის უზარმაზარი ტერიტორიის დაცვა 40-წლიანი კონფლიქტის შემდეგ და მოკლე დროში. მაშ, რატომ არ შეუძლიათ მათ იგივეს გაკეთება? ჩვენ „ნულოვანი დაძაბულობის“ მომხრე ვართ. თუ მათ დიალოგში ჩართვა არ სურთ, მაშინ ავღანეთს სიტუაციის მოსაგვარებლად სხვა გზები აქვს“, – განაცხადა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუთაქიმ.