აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დასრულების კონკრეტული ვადის დასახელებაზე უარი თქვა. მისი თქმით, კონფლიქტი მაშინ დასრულდება, „როდესაც საკუთარ ძვლებში იგრძნობს“.

ტრამპის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ომი „დიდხანს გაგრძელდება“, თუმცა აღნიშნა, რომ მხოლოდ მან იცის, როდის დასრულდება კონფლიქტი.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის ელოდება, რომ კონფლიქტი მალე დასრულდება, თუმცა დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის, შეიძლება, განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ცნობები აშშ-ში საბრძოლო მასალების დეფიციტზე.

„არავის აქვს ისეთი ტექნოლოგია ან იარაღი, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ბევრად წინ ვართ, ბევრად წინ. აშშ-ს პრაქტიკულად შეუზღუდავი საბრძოლო მასალა აქვს. ჩვენ გამოვიყენებთ მას, შეგვიძლია, განვაგრძოთ სამუდამოდ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, სპარსეთის ყურეში კონფლიქტის ეკონომიკური შედეგები არ არის საგანგაშო. მისი განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესოა და „სწრაფად აღდგება“.

1tv.ge