ევროპის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა შემცირებით მიმდინარეობს. ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის სექტორში არსებულ გაურკვევლობასა და NVIDIA-ს ხელმძღვანელობის მოულოდნელი ცვლილების შესაძლო შედეგებს აფასებენ. ხუთშაბათს რეკორდული მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ, პარასკევს ევროპული STOXX 600 ინდექსი 0.2%-ით, 662.64 პუნქტამდე დაეცა, ხოლო ტექნოლოგიური სექტორის აქციები 0.6%-ით შემცირდა.

ბაზარზე ზეწოლა განსაკუთრებით ტექნოლოგიურ კომპანიებზე აისახა. ჩიპების მწარმოებლების, Siltronic-ისა და Aixtron-ის აქციები 1%-ზე მეტით გაიაფდა, ასევე შემცირდა ხელოვნური ინტელექტისთვის აღჭურვილობის მიმწოდებელი Schneider Electric-ისა და Legrand-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება. ინვესტორები ცდილობენ შეაფასონ, რა გავლენა ექნება NVIDIA-ს თანადამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის გადადგომას AI-ინდუსტრიაში ინვესტიციებსა და სექტორის სამომავლო განვითარებაზე.

ევროპული ბაზრების შემცირების მიუხედავად, STOXX 600 ინდექსი მიმდინარე კვირაში 2%-ზე მეტით არის გაზრდილი, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე ძლიერი ყოველკვირეული ზრდაა. წინა სავაჭრო სესიაზე ინდექსმა რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია. Reuters-ის შეფასებით, ევროპული ბაზრები AI-სექტორში მიმდინარე რყევებისგან შედარებით დაცულია, რადგან რეგიონის კომპანიები ტექნოლოგიურ აქციებზე ნაკლებად არიან დამოკიდებული, ხოლო კორპორაციული ფინანსური შედეგები კვლავ მყარად გამოიყურება.

ცალკეული კომპანიების აქციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შვეიცარიული ფუფუნების საქონლის მწარმოებელი Richemont, რომლის საბაზრო ღირებულება 7%-ით შემცირდა. მიზეზი კომპანიის კვარტალური გაყიდვების ზრდის შენელებაა — გაყიდვები წინა კვარტალში დაფიქსირებული 20%-იანი ზრდის ნაცვლად 13%-ით გაიზარდა.