რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას, თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, ათონელის სასახლეში დელეგაციის სტუმრობისას დაშვებული პროტოკოლური ხარვეზის გამო, ეხვაიას გარდა, ადმინისტრაციის დატოვება პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელსაც მოუწია.

ინციდენტის ზუსტი გარემოებების გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლუკა ეხვაია სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

ათონელის სასახლეში მისულ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტსა და დელეგაციას 6 ნოემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად ლუკა ეხვაია დახვდა და სასახლეში შეაცილა. ამას შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალაც ადასტურებს.

ყაველაშვილი სტუმარს უკვე შენობის შიგნით შეხვდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ადმინისტრაცია დატოვა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამთა იაშაგაშვილმაც, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი წასვლა ჩინური დელეგაციის ვიზიტს.

ლუკა ეხვაიას წასვლის შესახებ რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია 12 ნოემბერს მოიპოვა - ადმინისტრაციას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ვრცლად რადიო თავისუფლებაზე