საქართველოში დასაქმებულმა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც 2026 წლის 1-ელ მარტამდე შრომითი მიგრაციის ელექტრონულ ბაზაში იყვნენ რეგისტრირებულნი, შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელი იანვრისა უნდა მოიპოვონ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ახალი რეგულაციები 2026 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა და საქართველოში უცხოელების დასაქმებისა თუ თვითდასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას ითვალისწინებს.
ნებართვას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. განაცხადის განხილვის სტანდარტული ვადა 30 კალენდარული დღეა და მომსახურება 200 ლარი ღირს. დაჩქარებული, 10-დღიანი მომსახურების საფასური 400 ლარია.
შრომითი საქმიანობის უფლება, როგორც წესი, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით გაიცემა, ხოლო IT სფეროში დასაქმებულებისთვის მოქმედების ვადა შესაძლოა 3 წლამდე განისაზღვროს.
სააგენტო უცხოელ დასაქმებულებსა და მათ დამსაქმებლებს მოუწოდებს, პროცედურები წინასწარ დაიწყონ, რათა ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შრომითი მიგრაციის ელექტრონულ პორტალზე: https://labourmigration.moh.gov.ge