მზად ვართ უნგრეთის ახალ მთავრობასთან მუშაობა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „უნგრელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და თავისი ევროპული კურსი დაიბრუნა“.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული 17 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის განბლოკვის, რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის, „დრუჟბას“ ნავთობსადენთან დაკავშირებით დავისა და კიევისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით პიტერ მადიარის მთავრობასთან მუშაობას, ევროკომისიის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მზად არის მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყოს“.
„მზად ვართ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობასთან მუშაობა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ, რათა უნგრელი ხალხის სასიკეთოდ სწრაფი პროგრესი გვქონდეს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით მიღებას მხარს უჭერს.
„ვფიქრობ, წარსული გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში კვალიფიციური უმრავლესობის მეშვეობით ხმის მიცემაზე გადასვლა სისტემატური დაბლოკვის თავიდან ასაცილებელ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით წინსვლის მიზნით არსებული მომენტით უნდა ვისარგებლოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.