Visual Capitalist-მა მსოფლიოს 47 ქვეყნის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, სად არის უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის წილი ყველაზე მაღალი. კვლევა 25-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობას მოიცავს და ითვალისწინებს როგორც უნივერსიტეტის დიპლომს, ისე კოლეჯის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კვალიფიკაციებს.

მონაცემები ძირითადად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2026 წლის ანგარიშს ეფუძნება, ხოლო ქვეყნებს შორის შედარებისთვის გაეროს მოსახლეობის შეფასებებიც არის გამოყენებული.

რეიტინგში პირველ ადგილს კანადა იკავებს — ქვეყანაში 25-64 წლის მოსახლეობის 64%-ს კოლეჯის ან უნივერსიტეტის კვალიფიკაცია აქვს. მეორე ადგილზეა ირლანდია 59%-ით, ხოლო იაპონია და სამხრეთ კორეა მესამე-მეოთხე ადგილებს 58%-იანი მაჩვენებლით იყოფენ. ხუთეულში ასევე შედის გაერთიანებული სამეფო, სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსახლეობის წილი 55%-ს შეადგენს.

აშშ რეიტინგში მერვე ადგილზეა — 52%-ით, რაც OECD-ის საშუალო მაჩვენებელს, 43%-ს, მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთან, რეიტინგი აჩვენებს, რომ განათლების მქონე მოსახლეობის წილი და ასეთი ადამიანების საერთო რაოდენობა სხვადასხვა რამაა: მაგალითად, ჩინეთს ყველაზე მეტი — 152.4 მილიონი — უმაღლესი ან კოლეჯის განათლების მქონე ზრდასრული ჰყავს, თუმცა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში მათი წილი მხოლოდ 18%-ია. ინდოეთში ეს მაჩვენებელი 16%-ს, აშშ-ში კი 52%-ს შეადგენს.