ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, EUROCONTROL-ისა და საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ადგილობრივი საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ერთიანი ევროპული ქსელის (Network Manager) საქმიანობა გააცნეს, ასევე საჰაერო ნაკადებისა და გამტარუნარიანობის მართვის პრაქტიკული საკითხები განიხილეს.
შეხვედრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაძლიერება სისტემის ეფექტიანობას კიდევ უფრო აამაღლებს.
EUROCONTROL-ის ქსელის ოპერაციების ხელმძღვანელმა, სტივენ მურმა მონაწილეებს Network Manager-ის საქმიანობა და ის ოპერაციული ინსტრუმენტები გააცნო, რომლებიც წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის ეფექტიან მართვას უწყობს ხელს. სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჭეიშვილმა კი ევროპულ ქსელთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები და შესაბამისი რეგულაციების ეტაპობრივი დანერგვის პროცესი მიმოიხილა.
მხარეებმა განიხილეს ნაკადების ოპტიმიზაციის, გამტარუნარიანობის გაზრდის არსებული მექანიზმები და ქსელის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმები. შეხვედრაზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2026 წელს საქართველოში აფრენა-დაფრენების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პოზიტიურია სამომავლო პროგნოზებიც, რაც საჰაერო სივრცის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
სამუშაო შეხვედრას სააგენტოს, ადგილობრივი ავიაკომპანიების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, აეროპორტების და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს