Economist Intelligence Unit-მა 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევაში 173 ქალაქი შეფასდა ხუთი ძირითადი მიმართულებით: სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა და გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურა. თითოეული ქალაქის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა.
რეიტინგის სათავეში დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი მოექცა, რომელმაც 98 ქულა მიიღო. ქალაქს მაქსიმალური შეფასება აქვს სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ჯანდაცვაში კოპენჰაგენი 96, ხოლო კულტურისა და გარემოს კატეგორიაში 95 ქულით შეფასდა.
მეორე ადგილი 97 ქულით ვენამ დაიკავა. ავსტრიის დედაქალაქმა ჯანდაცვაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში მაქსიმალური, 100-ქულიანი შეფასება მიიღო.
მესამე და მეოთხე პოზიციებზე ავსტრალიის ქალაქები, მელბურნი და სიდნეი გავიდნენ. საუკეთესო ათეულში ავსტრალია სულ სამი ქალაქითაა წარმოდგენილი — მერვე ადგილზე ადელაიდაა.
შვეიცარიიდან ათეულში ციურიხი და ჟენევა მოხვდნენ, იაპონიიდან კი ოსაკა და ტოკიო. კანადის ქალაქ ვანკუვერს რეიტინგში მეცხრე ადგილი უკავია.
საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების ათეული:
-
კოპენჰაგენი, დანია — 98 ქულა
-
ვენა, ავსტრია — 97 ქულა
-
მელბურნი, ავსტრალია — 97 ქულა
-
სიდნეი, ავსტრალია — 97 ქულა
-
ციურიხი, შვეიცარია — 96 ქულა
-
ჟენევა, შვეიცარია — 96 ქულა
-
ოსაკა, იაპონია — 96 ქულა
-
ადელაიდა, ავსტრალია — 96 ქულა
-
ვანკუვერი, კანადა — 96 ქულა
-
ტოკიო, იაპონია — 96 ქულა.
რეიტინგის ლიდერ ქალაქებს ერთმანეთთან აერთიანებს სტაბილური გარემო, განვითარებული ჯანდაცვა, მაღალი ხარისხის განათლება და გამართული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში შემავალ ყველა ქალაქს განათლების მიმართულებით მაქსიმალური, 100 ქულა აქვს მიღებული.
საცხოვრებლად ყველაზე რთული ქალაქები:
რეიტინგის ბოლო პოზიციებზე ძირითადად ის ქალაქები მოხვდნენ, რომლებზეც შეიარაღებული კონფლიქტები, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემები მძიმედ აისახება.
173 ქალაქს შორის ბოლო ადგილი სირიის დედაქალაქმა დამასკომ დაიკავა. ქალაქის საერთო შეფასება მხოლოდ 32 ქულაა. დამასკომ სტაბილურობაში 20, ჯანდაცვასა და განათლებაში 33, ხოლო ინფრასტრუქტურაში 32 ქულა მიიღო.
ბოლოდან მეორე ადგილზე ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლია 41 ქულით, შემდეგ კი ბანგლადეშის დედაქალაქი დაკა მოდის 42 ქულით.
რეიტინგის ბოლო ათეულში მოხვდა უკრაინის დედაქალაქი კიევიც, რომელსაც 45 ქულა აქვს. ქალაქი განათლებაში შედარებით მაღალი, 75 ქულით შეფასდა, თუმცა სტაბილურობასა და ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებლები აქვს.
საცხოვრებლად ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი ათეული:
-
თეირანი, ირანი — 45 ქულა
-
ჰარარე, ზიმბაბვე — 45 ქულა
-
კიევი, უკრაინა — 45 ქულა
-
პორტ-მორსბი, პაპუა-ახალი გვინეა — 44 ქულა
-
ლაგოსი, ნიგერია — 44 ქულა
-
ალჟირი, ალჟირი — 43 ქულა
-
კარაჩი, პაკისტანი — 43 ქულა
-
დაკა, ბანგლადეში — 42 ქულა
-
ტრიპოლი, ლიბია — 41 ქულა
-
დამასკო, სირია — 32 ქულა.
ანგარიში აჩვენებს, რომ ქალაქში ცხოვრების ხარისხს მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობები არ განსაზღვრავს. უსაფრთხოება, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ენერგეტიკული სისტემები და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურა მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.